ჩინეთის ეკონომიკა პირველ კვარტალში თითქმის 7%-ით შემცირდა: რა ელის მსოფლიო ეკონომიკას?
17/04/2020 16:53:28 მსოფლიო
ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,8 პროცენტით შემცირდა, - იუწყება “The Wall Street Journal” ქვეყნის სახელმწიფო სტატისტიკური სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით.ჩინეთმა კვარტალური ანგარიშგების გამოქვეყნება 1992 წელს დაიწყო და მას შემდეგ მშპ, წინა წელთან შედარებით, არც ერთხელ არ შემცირებულა. როგორც “Financial Times” აღნიშნავს, ქვეყანამ მსგავსი ვარდნა 1976 წლიდან პირველად აღიარა.
შემცირების მთავარი მიზეზი ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიაა, რომლის გამოც, კერძოდ, ჰუბეის პროვინციაში კარანტინი იქნა შემოღებული. მკაცრი შეზღუდვები 65 მლნ-ზე მეტ ადამიანს შეეხო. შეზღუდვები მოქმედებდა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. მარტ-აპრილში კი ჩინეთში სამრეწველო და სხვა საწარმოების მუშაობა ნელ-ნელა აღდგა.
როგორც “Wall Street Journal” აღნიშნავს, ჩინეთის ეკონომიკის ვარდნა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ. გამოცემა წერს, რომ ამ მხრივ ჩინეთის მონაცემები შესაძლოა, წინასწარმეტყველებად იქვეს მსოფლიო ეკონომიკისთვის: რიგ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობისა და აშშ-ის ჩათვლით, ასევეა შემოღებული შეზღუდვები, რომელიც ეკონომიკის მთელს სექტორებს, უპირველესად კი მომსახურების სფეროს შეეხო.
“COVID-19-ის პანდემია მსოფლიო ეკონომიკაზე გაცილებით დიდ გავლენას მოახდენს, ვიდრე 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისი”, - განაცხადა ამასწინათ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ. - “დღემდე ჩვენი ორგანიზაციის ისტორიაში არასოდეს ვყოფილვართ მსოფლიო ეკონომიკის გაჩერების მომსწრეები".საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, რუსული ეკონომიკა პანდემიის გამო 5,5 %-ით შემცირდება.
აშშ-ში ეპიდემიასთან დაკავშირებით დაფიქსირებულია უმუშევრობის უპრეცედენტო ზრდა. ხუთშაბათს პრეზიდენტმა ტრამპმა გააჟღერა ის ძირითადი პრინციპები, რომელთა გათვალისწინებითაც ამერიკული ეკონომიკა “გახსნას" შეძლებს და ქვეყანაში მილიონობით სამუშაო ადგილი აღდგება.
"ამერიკის ხმის", ინფორმაციით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს გეგმა ყოველ ცალკე აღებულ შტატში არსებული ვითარების სპეციფიკის გათვალისწინებით იქნება რეალიზებული. თავად შტატებმა კი, მისი თქმით, უნდა გამოიყენონ ამერიკელების სამუშაო ადგილებთან დაბრუნების ეტაპობრივი გეგმა იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება გამოსწორებას დაიწყებს.გეგმიდან გასაგები ხდება, რომ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმზე დაბრუნება გაცილებით უფრო ხანგრძლივი პროცესი იქნება, ვიდრე თავდაპირველად თავად დონალდ ტრამპი პროგნოზირებდა. ამასთან, ადმინისტრაცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ სოციალური დისტანცირების ზოგიერთი ზომა შესაძლოა, 2020 წლის ბოლომდე დარჩეს ძალაში, რათა COVID-19-ის ახალი აფეთქება გამოირიცხოს.


