Fox News-მა უჰანის ვირუსოლოგიური ლაბორატორიის თანამშრომელი COVID-19-ის ნულოვან პაციენტად დაასახელა
16/04/2020 12:30:01 მსოფლიო
კორონავირუსით პირველი ინფიცირებული ჩინურ ქალაქ უჰანის ვირუსოლოგიურ ლაბორატორიაში მუშაობდა, საიდანაც მთელს მსოფლიოში ინფექციის გავრცელება დაიწყო, - იუწყება ტელეარხი “Fox News” რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, რომლებიც ეპიდემიის ადრეულ ეტაპებზე ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებებს იცნობდნენ.
უჰანში განთავსებულია ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ვირუსოლოგიური ცენტრი, რომელიც ყველაზე საშიშ ვირუსებთან მუშაობისთვისაა სერტიფიცირებული.
ვარაუდობენ, რომ ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელს ვირუსი ღამურისგან გადაედო, შემდეგ კი იგი ქალაქში გაავრცელა. ტელეარხის მტკიცებით, თემაში ჩახედულ წყაროებს “ეზრდებათ რწმენა”, რომ ვირუსი ადამიანზე ბუნებიდან არ გადასულა.
ოფიციალური ვერსიით, დაავადების აფეთქება უჰანის ბაზრიდან დაიწყო. დაავადების ერთ-ერთ პირველ კვლევაში, რომელიც ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ “Lancet”-ში გამოქვეყნდა, პაციენტების ზუსტად ნახევარი უჰანის ბაზართან აღმოჩნდა დაკავშირებული. თუმცა იმავე ჟურნალში გამოქვეყნებულ სხვა კვლევაში ჩინელი მეცნიერების სხვა ჯგუფი ირწმუნებოდა, რომ პირველად ამ დაავადების დიაგნოზი დაუსვეს ადამიანს, რომელსაც ბაზართან არანაირი შეხება არ ჰქონია.
Fox News-ის წყარო ირწმუნება, რომ დაავადების აფეთქების დასაწყისის ბაზარში გადატანა იყო ჩინეთის სტრატეგია ვირუსის ლაბორატორიული წარმომავლობის შესახებ ბრალდებების თავიდან ასარიდებლად. ტელეარხის მტკიცებით, იმ ბაზარზე ღამურები არასოდეს გაუყიდიათ.
ჰიპოთეზა ვირუსის ლაბორატორიული წარმომავლობის შესახებ ეპიდემიის დაწყების მომენტიდან მალევე გაჩნდა. ძირითადი არგუმენტი იმაში მდგომარობს, რომ ეპიდემია დაიწყო ქალაქში, სადაც კორონავირუსის კვლევის მსოფლიოში უმსხვილესი ლაბორატორია მდებარეობს. უჰანში, კერძოდ, ატიპური პნევმონიის ვირუს SARS-ს იკვლევდნენ, რომელიც ძალიან ჰგავს COVID-19-ს.
2002-2003 წლებში ატიპური პნევმონიის აფეთქების შემდეგ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებდა ჩინურ ბიოლაბორატორიებში უსაფრთხოების ნორმების არასათანადო დაცულობაზე და ინციდენტებზე, რომლებიც ამასთან დაკავშირებით სხვა ქვეყნებშიც ხდებოდა, რაც იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ლაბორატორიაში არსებულ ვირუსს შეეძლო, მის ფარგლებს გარეთ გაეღწია.
2018 წელს ამერიკელმა ჩინოსნებმა გააჟღერეს გაფრთხილებები უჰანის ლაბორატორიაში ღამურებზე მიმდინარე ექსპერიმენტების რისკიანობისა და მასთან შეუსაბამო უსაფრთხოების ზომების თაობაზე, — წერდა სამშაბათს გაზეთი "The Washington Post”.
მეცნიერები ვირუსის ლაბორატორიული წარმომავლობის ჰიპოთეზას ამოწმებდნენ, თუმცა მტკიცებულებები ვერ იპოვეს. კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის წარმომავლობის კვლევების შესახებ პუბლიკაციების გამოქვეყნების კუთხით შეზღუდვები შემოიღო. CNN-ის ცნობით, კვლევების შედეგები ვერ გამოქვეყნდება, სანამ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოსთან არსებული სამუშაო ჯგუფი და ქვეყნის განათლების სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური განყოფილება თანხმობას არ გასცემენ. თუმცა დასავლური გამოცემები ამ მიმართულებით სტატიებს უკვე აქვეყნებენ.
მიმდინარე წლის თებერვალში ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ “Nature”-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმად, ეს ვირუსი გამოიყურება ლოგიკურად ევოლუციურად განვითარებულისთვის, მაგრამ არალოგიკურად – ხელოვნურად შექმნილისთვის. ამასთანავე, პუბლიკაციაში ნათქვამი იყო, რომ ვირუსში არ აღმოუჩენიათ კომპონენტები, რომლებიც მეცნიერებს მისი ლაბორატორიაში “აწყობის” შესაძლებლობას მისცემდათ (დეტალურად ამ საკითხს შეგიძლიათ, გაეცნოთ Science News-ში).
რიგი მეცნიერები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ კორონავირუსი ნაკლებად არის გამოყონებადი სამხედრო მიზნებისთვის. “Fox News” კი დაჟინებით აცხადებს, რომ ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ეს ვირუსი არა ბიოლოგიურ იარაღად გამოყენების, არამედ იმის დასამტკიცებლად შეისწავლებოდა, რომ ამ სფეროში პეკინის სამეცნიერო პოტენციალი ამერიკულს არ ჩამოუვარდება.
მანამდე პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განცხადება ვირუსის არაბუნებრივი წარმომავლობის ვერსიის პირველადი უკუგდების თაობაზე აშშ-ის შტაბების ხელმძღვანელთა კომიტეტის უფროსმა მარკ მაილიმა გააკეთა.
"მე ვიტყოდი, რომ ვირუსის ლაბორატორიული წარმომავლობის ვერსია არადამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა დანამდვილებით ამას ამ ეტაპზე ვერ ვამბობთ", — ციტირებს მას ჟურნალი “Newsweek”.


