WHO: "გაზაფხულის ამინდებმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, ჯერ კიდევ ქარიშხლის შუაგულში ვართ"
16/04/2020 10:24:58 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის დირექტორი ჰანს კლიუგე მსოფლიო ლიდერებსა და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ რეგიონი ჯერ კიდევ პიკის ფაზაშია და შეზღუდვები ნაადრევად არ მოხსნან.
მისივე თქმით, "ევროპას წინ რამდენიმე კრიტიკული კვირა ელის".
"გაზაფხულის ამინდებმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ, ჯერ კიდევ ქარიშხლის შუაგულში ვართ. სწრაფად ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, – განაცხადა ჯანმოს ევროპის რეგიონის დირექტორმა და მოქალაქეებს საგანგებო რეჟიმისა და რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდა.
მსოფლიოში ახალი კრონავირუსის შემთხვევების 50% ევროპაში ფიქსირდება.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 134 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 080 000–ს გადააჭარბა, 511 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 74 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


