მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე პატარა მსხვერპლი 29 დღის ჩვილია
16/04/2020 09:39:43 მსოფლიო
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ყველაზე პატარა მსხვერპლი 29 დღის ჩვილია. როგორც ფილიპინების ჯანდაცვის მინისტრმა მარია როზარიო ვერგეირემ განაცხადა, ბატანგას პროვინციის მკვიდრი ჩვილი გართულებული სუნთქვით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ბიჭუნას COVID-19 დაუდგინდა.
ფილიპინების ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჩვილს სეფსისი განუვითარდა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.
აქამდე კორონავირუსის ყველაზე პატარა მსხვერპლად აშშ–ში გარდაცვლილი 6 კვირის ჩვილი ითვლებოდა.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 134 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 080 000–ს გადააჭარბა, 511 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 74 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


