რამდენ ხანში უვლინდება უსიმპტომო ინფიცირებულს Covid-19-ის სიმპტომები
16/04/2020 09:11:40 მსოფლიო
უსიმპტომო ინფიცირებულს Covid-19-ის სიმპტომები შესაძლოა, ინფიცირებიდან 2–3 დღის შემდეგ გამოუვლინდეს, მანამდე კი იგი ვირუსის გამავრცელებელია, – ნათქვამია კვლევაში, რომელსაც გაზეთი Nature Medicine ავრცელებს.
„კვლევის შედეგები იმ პაციენტებზე დაყრდნობით დადგინდა, რომელთაც დაავდების სიმპტომები ინფიცირებიდან 2-3 დღის შემდეგ გამოუვლინდათ. ასეთი ადამიანები ფაქტობრივად ვირუსის გავრცელებას უწყობენ ხელს. მათი კონტაქტების მოძიება, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც თავს კარგად გრძნობენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელება არ მოხდეს“, – ნათქვამია კვლევაში.
სწორედ ამიტომ, ქვეყნებში, რომლებშიც ახალი კორონავირუსია დაფიქსირებული, მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებენ. მედიკოსების განცხადებით, მანამ, სანამ "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა შინიდან არგასვლა.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ძირითად სიმპტომებად მშრალი ხველა, ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვაა მიჩნეული. თუმცა კვლევების შედეგად დადგინდა, რომ დაავადებას სხვა ნაკლებად ცნობილი სიმპტომებიც ახასიათებს. მაგალითად, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, დიარეა (იგივე ფაღარათი) და ღებინება, სისუსტე, დისკომფორტის ზოგადი შეგრძნება, შეუძლოდ ყოფნა, დაბნეულობა, ციება კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 134 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 080 000–ს გადააჭარბა, 511 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 74 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


