ევროკავშირში კარანტინის მოხსნის კრიტერიუმები შეიმუშავეს, თარიღები დაზუსტებული არაა
16/04/2020 08:32:03 მსოფლიო
ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებში კარანტინის მოსახსნელად სამი კრიტერიუმი განსაზღვრა, თუმცა შეზღუდვების მოხსნის თარიღები დაზუსტებული არ არის, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლიაიენმა.
უწყების საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, პირველი კრიტერიუმი COVID-19-ის გავრცელების კლება, კერძოდ, ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზების შემთხვევების შემცირებაა.
მეორე კრიტერიუმად ევროკომისიამ ჯანდაცვის ადგილობრივი სისტემების საკმარისი პოტენციალი განსაზღვრა, რომელიც პაციენტების განსათავსებლად კლინიკებში ადგილების საკმარის რაოდენობას, შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობისა და პრეპარატების ქონას მოიცავს. მესამე კრიტერიუმი კი დაავადებისა და ინფიცირებულთა კონტაქტების მონიტორინგია. ეს პუნქტი ტესტირების ფართო შესძლებლობებსაც მოიცავს.
4 მაისს ევროკომისია დონორების კომფერენციის გამართვას გეგმავს კორონავირუსთან ბრძოლის, უპირველესად კი ვაქცინის შექმნისათვის საჭირო სახსრების მოსაძიებლად. ბოლო მონაცემებით, ევროპის ქვეყნებში COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ეს მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის მესამედს შეადგენს. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ კლება დაიწყო, თუმცა განცხადებები იმის შესახებ, რომ ეპიდემიამ უკან დაიხია, ჯერ არ გაკეთებულა. პერიოდულად სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებები შეზღუდვებს დროებით არბილებენ, თუმცა ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში საკარანტინო ღონისძიებები მაისის შუა რიცხვებამდეა გახანგრძლივებული.


