7–დღიანი კლების შემდეგ გერმანიაში ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა, სიკვდილიანობამ კი რეკორდულად მოიმატა
16/04/2020 06:58:59 მსოფლიო
7–დღიანი კლების შემდეგ გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა. რაც შეეხება დაავადებით სიკვდილიანობას, დღიური მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა.
გერმანიაში Covid-19–ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან პირველად, 24 საათში ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა. კერძოდ, დღე–ღამის განმავლობაში დაავადებამ 315 ადამიანი იმსხვერპლა და 2 866 დაინფიცირდა.
უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 3804 ადამიანი შეიწირა, ინფიცირებულია 134753, გამოჯანმრთელებულია 77000.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 134 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 080 000–ს გადააჭარბა, 511 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 336 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 74 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


