The Washington Post: „ამერიკელმა დიპლომატებმა უხანის ლაბორატორიაში კორონავირუსების სარისკო კვლევის თაობაზე ვაშინგტონი 2 წლის წინ გააფრთხილეს“
15/04/2020 13:21:46 მსოფლიო
„ამერიკელმა დიპლომატებმა უხანის ლაბორატორიაში კორონავირუსების სარისკო კვლევის თაობაზე ვაშინგტონი 2 წლის წინ გააფრთხილეს“, – იუწყება The Washington Post.
"კერძოდ, უხანის ლაბორატორიაში ღამურებზე ცდებს უსაფრთხოების წესების დარღვევით ატარებდნენ, რის შესახებაც ამერიკელი დიპლომატები ვაშინგტონს 2018 წელს აფრთხილებდნენ", – წერს გამოცემის ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველი ჯოშ როჯინი.
როგორც ჟურნალისტის აცხადებს, მან მოიპოვა დიპლომატიური ტელეგრამები, რომლებშიც უხანის ლაბორატორიაში უსაფრთხოების რისკზეა საუბარი.
"პირველი ტელეგრამა ღამურებში კორონავირუსებსა და ადამიანებზე მათი შესაძლო გადადების კვლევებსაც ეხება. ტელეგრამა გვაფრთხილებს, რომ ლაბორატორიის ეს კვლევები SARS-ის მსგავსი ახალი ვირუსის გავრცელების რისკს ატარებს“, – წერს ჯოშ როჯინი.
მისივე თქმით, ტელეგრამაში დიპლომატები წერდნენ, რომ "უხანის ლაბორატორიას სათანადოდ გაწვრთნილი ტექნიკოსებისა და მკვლევრების სერიოზული დეფიციტი აქვს და ასეთი მაღალი რისკის მქონე ლაბორატორიის სამართავად შესაბამისი სპეციალისტებია საჭირო".
ტელეგრამაში ასევე საუბარია იმაზე, რომ მეცნიერები მომავალში SARS-ის მსგავსი ვირუსების გავრცლების თავიდან ასაცილებლად ატარებდნენ კვლევებს. სწორედ ამის გამო იკვლევდნენ ღამურებში კორონავირუსებს და მათგან ადამიანის შესაძლო ინფიცირებას.
ჟურნალისტის თქმით, ახლა აშშ–ში უსაფრთხოების სპეციალისტები მსჯელობენ, იყო თუ არა უხანის ლაბორატორია, მართლაც, ვირუსის პირველწყარო. როგორც ჯოშ როჯინი წერს, ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიას ამყარებს სხვადასხვა გარემოებაც. ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსის თავდაპირველ გავრცელებაზე ინფორმაცია მაქსიმალურად შეზღუდა. თუმცა უხანის ე.წ. სველი ბაზრიდან მისი გავრცელების ვერსია არადამაჯერებელია. პირველ იდენტიფიცირებულ პაციენტს ამ ბაზართან შეხება არ ჰქონია, ისევე, როგორც პირველი დიდი ე.წ. კლასტერის ერთ მესამედს. თანაც, ბაზარში ღამურები არ იყიდებოდა.


