მედია - იაპონიაში კორონავირუსს შესაძლოა, 400 000 ადამიანი ემსხვერპლოს
15/04/2020 12:25:23 მსოფლიო
იაპონურ მედიაში ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს საიდუმლო ანგარიში გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსს შესაძლოა, 400 000 ადამიანი ემსხვერპლოს.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, "სასწრაფო ზომების გარეშე მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. სასუნთქი აპარატი კი 850 000 ადამიანს დასჭირდება".
იაპონიაში COVID 19-ის ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში დაიწყო. 7 აპრილს ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 7 მაისამდეა ძალაში.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID 19-ით 146 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 8100, გამოჯანმრთელებულია 853.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 126 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 2 000 000–ს გადააჭარბა, 485 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 306 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


