„ეკლესიას იმდენი რესურსი აქვს, ახლა დროა, აქეთ ემსახუროს ხალხს“
15/04/2020 09:21:46 საზოგადოება
მამა ანდრეა სარია ფიქრობს, რომ სახელმწიფო და საპატრიარქო კრიტიკისთვის მზად უნდა იყვნენ. საქმე ტყრის რესურსების საპატრიარქოსთვის გადაცემის შესახებ კანონპროექტს ეხება, რომლის განხილვაც პარლამენტში, გარემოს დაცვის კომიტეტზე მესამე მოსმენით 16 აპრილს გაიმართება. კანონპროექტის ავტორი საქართველოს მთავრობაა.
„როდესაც შენს ქვეყანას ძალიან უჭირს, ადამიანები ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე არიან, უნდა აცნობიერებდე, რომ ეს [კანონპროექტის განხილვა] ასე რბილად არ ჩაივლის. სახელმწიფოსაც უნდა ეფიქრა, რომ ეს საარჩევნო წელია და ფიქრი იქეთკენ წავიდოდა, რომ სწორედ არჩევნებისთვის არის გათვალისწინებული – ეს ცალსახაა. ორივესთვის [„ქართული ოცნებისა“ და საპატრიარქოსთვის] უმჯობესი იქნებოდა, გაჩერებულიყვნენ“,– ამბობს სარია.
მისივე თქმით, ეკლესიას სადღეისოდ საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ თავად დაეხმაროს ხალხს:
"ვფიქრობ, ეკლესიას იმდენი რესურსი აქვს, ახლა დროა, აქეთ ემსახუროს ხალხს: იმდენი შენობა–ნაგებობა აქვს, იმდენი ქონება აქვს გადაცემული, რეალურად ვერ პატრონობენ, როგორც მოქალაქეები – ზოგს მიწა აქვს, მაგრამ ვერ უვლის.
სახელმწიფომ პსსუხისმგებლობა უნდა აიღოს და ვალდებულებაც ჩააყოლოს, რომ რაც უკვე გადასცა [საპატრიარქოს], ისინი აამუშაონ, მოქალაქეებს დაეხმარონ და არაა აუცილებლობა, მთელი საქართველო თეოკრატიულ სახელმწიფოს დაექვემდებაროს“.


