TDI: საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტი საპატრიარქოსთვის ტყეების გადაცემას განიხილავს
14/04/2020 17:25:49 საზოგადოება
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ცნობით, საგანგებო მდგომარეობის დროს პარლამენტი საპატრიარქოსთვის ტყეების საკუთრებაში გადაცემას განიხილავს. კანონპროექტის განხილვა 16 აპრილსაა დაგეგმილი.
როგორც TDI აღნიშნავს, საპატრიარქო ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებს არ ემორჩილება და ამ დროს ხელისუფლება მათთან მოლაპარაკებებს მართავს.
"სწორედ ამ დროს, ყველასთვის დაძაბულ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები სპეციალური რეჟიმით მუშაობენ, საქართველოს პარლამენტი განიხილავს საპატრიარქოსთვის ახალი ქონებრივი პრივილეგიების მინიჭების საკითხს. ამ ფონზე, განსაკუთრებით პრობლემურია საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის დრო და კონტექსტი", — აღნიშნავს ორგანიზაცია.
მათივე თქმით, ცვლილებები, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, შედის საქართველოს ტყის კოდექსში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებში:
"სახელმწიფო ქონების შესახებ კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს კოდექსში ცვლილებების ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. მიჩენილ ტერიტორიაში იგულისხმება ტყის ფართობი, რომლის მესაკუთრე არის სახელმწიფო, თუმცა საერთო მართვის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, საპატრიარქოს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე აქამდე მიჩენილი ტერიტორიები. მსგავსი უფლება კი სხვა არცერთი სუბიექტისთვის არ არის განსაზღვრული".
ორგანიზაცია მოუწოდებს, პარლამენტს, შეწყვიტოს აღნიშნული ცვლილებების განხილვა, რომელიც "დამატებით ქონებრივ და ფინანსურ პრივილეგიებს ანიჭებს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას".


