მოსკოვის ხელისუფლება თითქმის მილიონი ციფრული საშვის ანულირებას გეგმავს
14/04/2020 12:37:54 მსოფლიო
მოსკოვის ხელისუფლება 900 ათასი ციფრული საშვის ანულირებას გეგმავს, რომელიც ქალაქის მასშტაბით ტრანსპორტით გადაადგილებისთვის იყო განკუთვნილი. მიზეზი მოქალაქეების მიერ არასრული, არაზუსტი ან ყალბი პირადი მონაცემების წარდგენაა, - განაცხადა მოსკოვის მერიის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ედუარდ ლისენკომ.
სულ მოსკოვში დღე-ღამის განმავლობაში 3 მილიონზე მეტი საშვი გაფორმდა. ამგვარად, დედაქალაქის ხელისუფლებას თითქმის ყოველი მესამეს გაუქმება მოუწევს, საშვების გარეშე კი ხვალიდან – 15 აპრილიდან ქალაქის მასშტაბით გადაადგილება იკრძალება: ყველა მძღოლსა და მგზავრს, რომელიც ავტოტრანსპორტით მოსკოვში შესვლას და გადაადგილებას ეცდება, საშვებს შეუმოწმებენ, - იუწყება შსს-ს დედაქალაქის სამმართველოს პრეს-სამსახური და დასძენს, რომ საშვის არმქონე მოქალაქეებს 5 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ.
მოსკოვის შესასვლელებში კონტროლის გასაძლიერებლად უკვე განალაგეს “როსგვარდიის” დედაქალაქის სამმართველოს სპეცრაზმელები, იუწყება სააგეწტო "ТАСС”.
ქალაქში 160-ვე შესასვლელში ერთდროულად შემოწმებების შემოღებამ საცობები გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ საშვები მოქმედებაში მხოლოდ 15 აპრილს შევა, სახელმწიფო ავტოინსპექციის თანამშრომლებმა გუშინდელი დღიდან მოსკოვში შესასვლელად მაგისტრალების უმრავლესობაზე მხოლოდ ორი-სამი საგზაო ზოლი დატოვეს გახსნილი, თანაც მხოლოდ იმ ავტომობილებს უშვებენ, რომლებიც დედაქალაქში ან მოსკოვის ოლქში არიან რეგისტრირებულები, ისიც – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს გადაუდებელი აუცილებლობა აქვს.
• ციფრული საშვი ასოებისა და ციფრების კომბინაციაა. მისი მიღება დედაქალაქის მერიის პორტალზე რეგისტრირების შემდეგ არის შესაძლებელი. საშვები სამ კატეგორიაში მოქმედებს: სამსახურში სასიარულოდ, სამედიცინო დაწესებულებებში მისასვლელად და პირადი მიზნებით გადაადგილებისთვის (არაუმეტეს ორჯერ კვირაში). უკანასკნელ ორ კატეგორიაში საშვის მოქმედების ვადა ერთ დღეს შეადგენს, სამსახურში სიარულისთვის – ერთ თვეს.


