რუსეთმა აშშ-ისგან ვაქცინის შესაქმნელად შტამი მიიღო
14/04/2020 11:48:59 მსოფლიო
რუსულმა კომპანიამ აშშ-დან კორონავირუსის შტამი ჩამოიტანა გამოკვლევისა და ვაქცინის შესაქმნელად, - იუწყება ციმბირის საბაჟო სამმართველო, თუმცა კომპანიის სახელს არ ასაჯაროებს.
ფლაკონში მოთავსებული ვირუსული ნაწილაკები, რომელიც 88 გრამს იწონიდა, სპეციალურ სამაცივრე კონტეინერში გადაზიდეს.
ეს ტომსკის საბაჟოს გავლით ვირუსული პრეპარატების გადაზიდვის უკვე მეორე შემთხვევაა. მანამდე მათი დეკლარირება 30 იანვარს მოახდინეს.
4 აპრილს ნოვოსიბირსკის ცენტრმა “ვექტორმა” გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ მზადაა, ვაქცინების გამოცდის პირველ ფაზაზე გადავიდეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უკვე ფორმირებულია 60 მოხალისეს სია. მათ შორისაა თავად პრეპარატის ავტორი ილნაზ იმატდინოვიც.
მანამდე ჯანმო-ს ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შეჩერება მხოლოდ ეფექტური ვაქცინის მიღების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. მისი შექმნა უპირველესად, COVID-19-ის განმეორებითი აქტივიზაციის რისკის გამოა მნიშვნელოვანი.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში წარმოებს, თუმცა პროცესის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, რომელიც თავად პრეპარატის სინთეზსა და სკურპულოზურ კლინიკურ ცდებს მოიცავს, ვაქცინა სავარაუდოდ, მხოლოდ ერთ წელიწადში იქნება მზად.
მსოფლიოში СOVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 მილიონს უახლოვდება, გარდაცვლილია უკვე 118 ათასამდე პაციენტი. რუსეთში ეპიდემიის დაწყების მომენტიდან დღემდე ინფიცირების 21 102 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია 170 მოქალაქე.


