ჩერნობილის აეს-ის მიდამოებში მძვინვარე ხანძართან დაკავშირებით მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს
14/04/2020 09:23:59 მსოფლიო
უკრაინის პოლიციამ დააკავა მეორე პირი, რომელსაც სავარაუდოდ, კავშირი აქვს ხანძართან ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ე.წ. გაუცხოების ზონაში.
მის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. პოლიციის მონაცემებით, დაკავებული ადგილობრივი სოფლის 37 წლის მკვიდრია, რომელიც თავის სახლთან ნაგავს წვავდა, შემდეგ კი ნარჩენები, რომელიც ჯერ კიდევ ღვივოდა, სოფლის ფარგლებს გარეთ გაიტანა და ხმელ ბალახში ჩაყარა.
როდესაც იქ ხანძრის კერა გაჩნდა, მამაკაცს არც სახანძრო სამსახურში დაურეკია, არც პოლიციაში და ცეცხლის ჩაქრობა თავად სცადა, თუმცა უშედეგოდ – ცეცხლი ჯერ ტყეზე გავრცელდა, შემდეგ კი გაუცხოების ზონას მიაღწია.
მანამდე დააკავეს სოფელ რაგოვკას 27 წლის მკვიდრი, რომელმაც უბრალოდ გართობის მიზნით მიტოვებული ფერმის მახლობლად ბალახს ცეცხლი წაუკიდა.
ცეცხლი ჩერნობილის ზონაში 4 აპრილს გაჩნდა. 13 აპრილის საღამოსთვის მან 1986 წლის ავარიის დროს განადგურებული მეოთხე ენერგობლოკის სამრეწველო მოედნის ტერიტორიას მიაღწია, ამ დროისთვის კი სადგურს დასავლეთიდან უტევს. ამასთან, გაჩნდა ახალი კერა სამხრეთში, - განუცხადა “ინტერფაქსს” უკრაინის გაუცხოების ზონის მართვის სახელმწიფო სააგენტოს საზოგადოებრივი საბჭოს წევრმა იაროსლავ ემელიანენკომ. მისივე თქმით, "სიტუაცია კრიტიკულია, ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ რეალურად, ცეცხლი ახალ-ახალ ტერიტორიებს იპყრობს – უკვე 1986 წელს დაცლილ ქალაქ პრიპიატს მიუახლოვდა და რადიოაქტიური ნარჩენების საცავებიდან ორ კილომეტრშია”.


