საფრანგეთში კარანტინი 11 მაისამდე გახანგრძლივდა
13/04/2020 19:22:48 მსოფლიო
საფრანგეთში კარანტინი 11 მაისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ძალისხმევა და წესების დაცვა. რაც მეტად ვცემთ წესებს პატივს, მით მეტად გადაარჩენენ ისინი ჩვენს სიცოცხლეს“, - განაცხადა მაკრონმა.
კორონავირუსის გამო ქვეყანაში კარანტინი 17 მარტს დაწესდა, რომელსაც მოქმედების ვადა 17 აპრილს ეწურებოდა.
მისივე თქმით, 11 მაისიდან საბავშვო ბაღები, დაწყებითი და უმაღლესი სკოლები თანდათან გაიხსნება, თუმცა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ზაფხულამდე არ გაიხსნება.
ბოლო რამდენიმე დღეა, საფრანგეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მცირდება.
უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 14 393 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 132 591, გამოჯანმრთელებულია 27 186.


