
IMF– საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის
13/04/2020 16:05:27 ეკონომიკა
საქართველოში იმ ადამიანებს, რომლებმაც ახალი კორონავირუსისგან შექმნილი ვითარების გამო სამსახური დაკარგეს, მთავრობისგან 6 თვის განმავლობაში ყოველთვიური სუბსიდიის სახით 150 ლარი გადაეცემათ, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს.
IMF აღნიშნავს, რომ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან შეაგროვეს, თუმცა როგორც ცნობილია, ასეთი გეგმის შესახებ საქართველოს მთავრობას ჯერ–ჯერობით არაფერი განუცხადებია.
IMF-ის ვებ–გვერდზე კი წერია, რომ სუბსიდია მათ შეეხებათ, ვინც საშემოსავლო გადასხადს იხდიდნენ და გადახდა კრიზისის გამო შეწყვიტეს. მისივე ცნობით, სუბსიდიას მიიღებენ ის ბიზნესებიც, რომლებიც თანამშრომლებს შეინარჩუნებენ.
“ასევე მთავრობა სუბსიდირებას გაუწევს 9 ძირითადი პროდუქტის იმპორტს (ფქვილი, ხორბალი, მაკარონი, ბრინჯი, ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი, ლობიო, წიწიბურა). გარდა ამისა შექმნის აღნიშნული სურსათის მარაგს, რომლის ღირებულებაც 50 მილიონი ლარი იქნება. მთავრობა განიხილავს საკრედიტო გარანტიის სქემის შექმნას, რათა ხელი შეუწყოს COVID-19–ის პერიოდის განმავლობაში ეკონომიკის აღდგენას”, – წერია IMF-ის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე მოხსენიებულია ის ღონისძიებები, რომელიც საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით უკვე განახორციელა ან დააანონსა, მათ შორის გარკვეული გადასახადების დროებით შეჩერება ბიზნესის ნაწილისთვის, კომუნალური გადასახადების სუბსიდია მათთვის, ვინც 200 კილოვატ ელექტროერნგიასა და 200 კუბურ მეტრ გაზზე მეტს არ მოიხმარს და ა.შ.