გაერო: „კალიების შემოსევის გამო ეთიოპიაში მილიონ ადამიანს შიმშილობა ემუქრება, მავნებლები შესაძლოა, მალე ირანშიც გამოჩდნენ“
13/04/2020 14:02:19 მსოფლიო
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს განცხადებით, კალიების შემოსევის გამო ეთიოპიაში მილიონ ადამიანს შიმშილობა ემუქრება, თუ მათ საკვებით დახმარებას სასწრაფოდ არ აღმოუჩენენ.
„კალიებმა მოსავალი დაახლოებით 200 000 ჰექტარზე გაანადგურეს, რამაც გამოიწვია 356 000 ტონაზე მეტი მარცვლეულის მათ შორის, სიმინდისა და ხორბლის დანაკარგი. გარდა ამისა, კალიებისგან განადგურებულია 1.3 მილიონი ჰექტარი საძოვარი. მარტის ძლიერი წვიმების შემდეგ მავნებლების ახალი ქარბორბალა იქმნება, რომელიც არ მარტო ეთიოპიას, არამედ კენიას, სომალის, უგანდას, იემენს, ირანსა და საუდის არაბეთსაც ემუქრება“, – აცხადებენ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოში.
უდაბნოს კალია Schistocerca Gregaria ყოველდღიურად საკუთარი წონის რაოდენობის საკვებს ჭამს და სწრაფად მრავლდება. მათ ამგვარ გამრავლებას ხელი ძლიერმა წვიმებმა შეუწყო. კალიები წვიმის დროს მრავლდებიან, რადგან კვერცხს სველ ნიადაგში დებენ. საშუალოდ, კალიების ერთ გუნდში 4-დან 8 მილიარდამდე კალიაა და დღის განმავლობაში 3.5 მლნ ადამიანის სამყოფ საკვებს ჭამენ.
კალიები მოსავალს და მცენარეულ საფარს ანადგურებენ. იანვარში გაერო–მ განაცხადა, რომ კრიზისთან გასამკლავებლად 76 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა იყო აუცილებელი. ახლა ეს რიცხვი 138 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.


