OPEC+-ის მონაწილეები ნავთობმოპოვების ლიმიტების დაცვაზე შეთანხმდნენ
13/04/2020 10:10:42 მსოფლიო
OPEC+-ის ჯგუფმა განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის სადღეღამისო მოპოვების 9,7 მლნ ბარელამდე შემცირების თაობაზე.
ეს ლიმიტი მაისსა და ივნისში უნდა იყოს დაცული.
როგორც Reuters აღნიშნავს, მოლაპარაკებათა ოთხდღიანი მარათონი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ზეწოლის პირობებში მიმდინარეობდა, რომელსაც მსოფლიოში ნავთობის ფასების ვარდნის შეჩერების მიღწევა სურდა. მოპოვების ყველაზე მასშტაბური შემცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულია, რომ ექსპორტიორი ქვეყნები ნაბიჯ-ნაბიჯ, 2022 წლის აპრილამდე შეამცირებენ მაჩვენებლებს.
"ОPEC+-თან დიდი სანავთობო შეთანხმება მიღწეულია. ეს შესძლებლობას მოგვცემს, აშშ-ში ენერგეტიკის დარგებში ათასობით სამუშაო ადგილი შევინარჩუნოთ", - დაწერა “ტვიტერში” ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და საუდის არაბეთის მმართველ სალმანს მადლობა გადაუხადა შეთანხმების მიღწევისთვის ხელშეწყობის გამო.
რუსული სააგენტო ТАСС-ი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ОPEC+-ის ქვეყნები 12 აპრილის საგანგებო სხდომაზე 23-ივე ქვეყნის მიერ მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ, თუმცა ჯამური შემცირება დღე-ღამეში არა 10 მლნ ბარელს გაუტოლდება, როგორც მანამდე იყო დაგეგმილი, არამედ 9,7 მლნ-ს, რადგან მექსიკამ პოზიცია არ შეიცვალა და 400 ათას ბარელიან კვოტას არ დასთანხმდა. ამასთან დაკავშირებით ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჟან ნამდარ ზანგანემ განაცხადა, რომ "მექსიკამ მაისსა და ივნისში მოპოვება დღე-ღამეში 100 ათასი ბარელით უნდა შეამციროს, დანარჩენი 300 ათასი ბარელით შემცირების პირობა კი მექსიკის ნაცვლად აშშ-მა დადეს".
ОPEC+-ის ქვეყნების წარმომადგენლების შემდეგი ვიდეოკონფერენცია 2020 წლის 10 ივნისისთვისაა დაგეგმილი.


