აშშ–ის მთავარი ეპიდემიოლოგი ვარაუდობს, რომ ადამიანების ნაწილი ცხოვრების ნორმალურ რიტმთან დაბრუნებას მაისიდან შეძლებს
13/04/2020 08:10:12 მსოფლიო
აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგის ენტონი ფაუჩის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა კორონავირუსის გავრცელების გამო მკაცრ შეზღუდვებს ადრე დააწესებდა, შესაძლოა, „ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა მოხერხებულიყო“.
CNN-ის ეპიდემიოლოგს ჰკითხა „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციის შესახებაც, რომ ეპიდემიოლოგები აშშ-ის მთავრობას მკაცრი შეზღუდვების დაწესებისკენ ჯერ კიდევ თებერვალში მოუწოდებდნენ.
„ჩვენს რეკომენდაციებს ხშირად ითვალისწინებენ, ხანდახან კი არა, მაგრამ ახლა არის ის, რაც არის. ჩვენ ვართ იქ, სადაც ვართ“, – განცხადა საპასუხოდ ფაუჩიმ.
მისივე თქმით, არავინ უარყოფს, რომ ლოგიკურად, მკაცრი წესების უფრო ადრე დაწესებით „ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა“.
მისივე თქმით, აშშ-ში ვირუსის გავრცელებაზე მკაცრი ზომების დაწესების გარდა, კიდევ რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა გავლენა. მათ შორის „ქვეყნის სიდიდემ და მოსახლეობის არაერთგვაროვნებამ“.
ამავე ინტერვიუში ფაუჩიმ განაცხადა, რომ „აშშ-ის მოქალაქეების ნაწილი ცხოვრების ნორმალურ რიტმთან დაბრუნებას სავარაუდოდ მაისიდან შეძლებს“.
აშშ-ში ამჟამად კორონავირუსით 550 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილია 22 000-ზე მეტი, მათ შორის უმეტესობა – ნიუ იორკში.
ცნობისთვის: „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„თუ ყალბი ამბების ოპოზიციური პარტია მთელი მონდომებით აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ინგორირება მოახდინა საფრთხის, მაშინ რატომ მაკრიტიკებენ ისინი და მედია, რომ ჩინეთთან მიმოსვლა ავკრძალე? ისინი ამბობდნენ ადრეა და აუცილებელი არ არის. კორუმპირებული მედია!“ - დაწერა ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.


