Accentnews.ge
ბრიტანელი მეცნიერები: „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, სექტემბრისთვის უკვე მზად იყოს“

ბრიტანელი მეცნიერები: „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, სექტემბრისთვის უკვე მზად იყოს“

12/04/2020 18:52:04 მსოფლიო

ბრიტანელი მეცნიერების განცხადებით, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა, სექტემბრისთვის უკვე მზად იყოს.

”80%–ით დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინა იმუშავებს და იგი მზად შესაძლოა, უკვე სექტემბრისთვის იყოს“, – განუცხადა „The Times“–ს ვაქცინაზე მომუშავე ჯგუფის ერთ–ერთმა წევრმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგიის პროფესორმა სარა გილბერტმა.

მისივე თქმით, ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა 2 კვირაში დაიწყება.

ზოგადად ვაქცინის შექმნას, როგორც წესი, წლები სჭირდება. მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების შემდეგ არაერთმა ექსპერტმა განაცხადა, რომ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას 12-დან 18 თვემდე პერიოდი დასჭირდება. თუმცა, როგორც გილბერტი აღნიშნავს, იმ შემთხვევაში თუ ვაქცინამ იმუშავა, მის წარმოებას საბოლოო შედეგების დასრულებამდე დაიწყებენ და ის სავარაუდოდ, უკვე შემოდგომისთვის მზად იქნება.

„ვაქცინის მილიონობით დოზის წარმოებას, შეიძლება თვეები დასჭირდეს. სწორედ ამიტომ ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები ბრიტანეთის მთავრობასთან დაფინანსების შესახებ. წარმატების შემთხვევაში ვაპირებთ, საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებამდე დავიწყოთ მისი წარმოება, რათა მოსახლეობას ვაქცინასთან წვდომა მყისიერად ჰქონდეს. თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, ვაქცინა შესაძლოა, უკვე სექტემბერში მზად იყოს“, – დასძინა გილბერტმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მსოფლიოში მეცნიერთა სხვადასხვა ჯგუფები მუშაობენ. მათ შორის ერთ–ერთი ქართველი მეცნიერი გიორგი ბაბუაძეა, რომელიც ამჟამად კანადაში მოღვაწეობს.

„ბედნიერები ვართ იმით, რომ ფაქტობრივად ჩვენი ცენტრის აღზრდილი გიორგი ბაბუაძე, რომელიც ამჟამად კანადაში მუშაობს, მსოფლიოში ვაქცინების შემქმნელების ერთ–ერთ ყველაზე უფრო მოწინავე ჯგუფშია. ის მუშაობდა „ებოლას“ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე და ახლა მისი ჯგუფი მუშაობს Covid-19-ის ვაქცინის შექმნაზე. იგი ძალიან ნიჭიერი კაცია და დიდი იმედი მაქვს, რომ გვასახელებს“, – განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ 10 აპრილს.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 109 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 700 000–ს გადააჭარბა, 407 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 257 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 67 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაცვლილი. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S