აშშ-ის ისტორიაში პირველად, 50–ივე შტატი უბედურების ზონად გამოცხადდა
12/04/2020 10:44:40 მსოფლიო
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო აშშ-ის ისტორიაში პირველად, 50–ივე შტატი უბედურების ზონად გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე დაამტკიცა.
თეთრი სახლის ინფორმაციით, უბედურების ზონად გამოცხადების შემთხვევაში შტატებს და ადგილობრივ მთავრობებს, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებს საშუალება ეძლევათ, ფედერალური დაფინანსება მიიღონ.
აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ იტალიის მონაცემებს გადააჭარბა.
ბოლო მონაცემებით, აშშ–ში დაავდებით 20 580 დაიღუპა, ინფიცირებულია 533 115, გამოჯანმრთელებულია 30 502. იტალიაში კი კორონავირუსმა 19 468 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 152 271, გამოჯანმრთელებულია 32 534.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 109 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 700 000–ს გადააჭარბა, 407 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 252 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 63 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


