
მოსკოვში გოლუნოვის მხარდამჭერი პიკეტის მონაწილეთა დაკავებები დაიწყო
07/06/2019 13:49:59 სხვა, მსოფლიო
მოსკოვში გამოცემა “მედუზას” გამოძიების განყოფილების კორესპონდენტის ივან გოლუნოვის მხარდამჭერი პიკეტის მონაწილეთა დაკავებები დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ცნობისთვის: გოლუნოვი, რომელიც რუსი მაღალჩინოსნების შესაძლო კორუფციულ საქმიანობაზე სტატიას ამზადებდა, გუშინ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
გოლუნოვის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ზურგჩანთიდან უცნობი ნივთიერების პაკეტი ამოიღეს. გაჩხრიკეს ჟურნალისტის სახლიც, საიდანაც ადვოკატის თქმით, კიდევ ერთი შეკვრა უცნობი ნივთიერების პაკეტი ამოიღეს.
ექსპერტიზის თანახმად, ზურგჩანთიდან ამოღებულ შეფუთვაში 3.56 გრამი მეფედრონი აღმოჩნდა. ჟურნალისტი ბრალდებას უარყოფს.
რიგი რუსი ჟურნალისტები გოლუნოვის დაკავებას მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებენ. გოლუნოვის მხარდამჭერებმა დღეს მოსკოვში პიკეტი მოაწყვეს.