მარიხუანის იშვიათად მოხმარებაც კი Covid-19–ით ინფიცირების შემთხვევაში დაავდების გამწვავების რისკს ზრდის
10/04/2020 13:52:54 საზოგადოება
მარიხუანის არათუ ყოველდღიური, არამედ იშვიათად მოხმარებაც კი Covid-19–ით ინფიცირების შემთხვევაში დაავდების გამწვავების რისკს ზრდის, – აცხადებენ ამერიკელი პულმონოლოგები.
„განვიხილოთ, რა ხდება თქვენს სასუნთქ გზებში, როდესაც კანაფს ეწევით. ეს გარკვეულწილად იწვევს ანთებას, დაახლოებით ბრონქიტის მსგავსს. შესაბამისად, წარმოიდგინეთ ვითარება, როცა თქვენ გაქვთ სასუნთქი გზების ანთება და ამას ინფექციაც ემატება. ასე, რომ დიახ, თქვენ გაქვთ დაავადების გართულების უფრო მეტი შანსი“, – აცხადებს „ამერიკის ფილტვების ასოციაციის“ უფროსი პულმონოლოგი ალბერტ რიზზო.
როგორც მისი კოლეგა მიტჩელ გლასი განმარტავს, მარიხუანის მწეველებისთვის დამახასიათებელია ხველა და ექიმებს მწეველების შემთხვევაში უფრო ურთულდებათ დიაგნოზის დასმა, შეესაბამება თუ არა პაციენტის ხველა იმ მშრალ ხველას, რომელიც Covid-19–ის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია:
„ვინმემ შეიძლება, თქვას, „მოიცა მე ახლახანს დავიწყე კანაფის მოხმარება და ხანდახან ვეწევი პანდემიის დროს რომ მშვიდად ვიგრძნო თავი". პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ექიმს კიდევ უფრო ურთულდება სიმპტომების დიაგნოსტირება.
რაც შეეხება მარიხუანის „ქრონიკულ მომხმარებლებს“, დადგენილია, რომ ყოველდღიური მოხმარება ფილტვებს აზიანებს. ეს დაზიანება ქრონიკული ბრონქიტის მსგავსია, ეს კი ერთ-ერთი ტერმინია, რომელსაც ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს ვიყენებთ. შესაბამისად, მწეველები, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პირები და ასთმით დაავადებული Covid-19–ით ინფიცირების შემთხვევაში დაავდების გამწვავების უფრო მეტი რისკის წინაშე არიან. კანაფის კი არა, სიგარეტის რამდენიმე ღერის მოწევის შემთხვევაშიც კი, ფილტვებზე დაზიანებები რამდენიმე დღის განმავლობაში რჩება. გაითვალისწინეთ, რომ მარიხუანის მოწევა ნამდვილად პრობლემურია ფილტვებისთვის, მაშინაც კი, თუ თქვენ ხართ ე.წ. ახალი მწეველი“.
გარდა ამისა, „ამერიკის ფილტვების ასოციაციის“ პულმონოლოგი მიტჩელ გლასი ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ ფაქტორზე:
„როგორც ვიცით, მარიხუანის მოწევა ამშვიდებს ადამიანს და კარგ განწყობაზე აყენებს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი თავდაყირა აყენებს ადამიანის უნარს, აკონტროლოს საკუთარი თავი. წარმოიდგინეთ, რომ მოვიდა სპეცტანსაცმლით აღჭურვილი მედიცინის მუშაკი და სურს აღმოგიჩინოთ დახმარება; ამ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს სახლში დაგტოვოს, საავადმყოფოში წაგიყვანოს თუ მართვით სუნთქვაზე გადაგიყვანოს. ასეთ დროს პაციენტი უნდა იყოს ფხიზელ მდგომარეობაში და აკონტროლებდეს თავს“.
![]()
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, მწეველებისთვის ახალი კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირების რისკი სავარაუდოდ, იზრდება.
„მწეველები სავარაუდოდ, უფრო დაუცველები არიან COVID-19– ის მიმართ, ვიდრე არამწეველები, რადგან მოწევის დროს ადამიანს თითები (შესაძლოა, დაბინძურებული სიგარეტი) ტუჩებთან მიაქვს, რაც ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ვირუსი ხელიდან პირს გადაეცეს. გარდა ამისა, ზოგიერთ მწეველს შესაძლოა, უკვე ჰქონდეს ფილტვების პრობლემები და კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში სერიოზული გამწვავების რისკი ძალიან იზრდება.
ამასთან, თამბაქოს მოსაწევი მოწყობილობების უმეტესობას აქვს ერთი მილი, საიდანაც თამბაქოს სხვადასხვა ადამიანი ეწევა. ამ შემთხვევაში შესაძლოა, COVID-19– ის გადაცემის რისკი მაღალი იყოს“, – აცხადებენ WHO–ში.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 95 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 600 000–ს გადააჭარბა, 357 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 230 შემთხვევაა დადასტურებული. 230 ადამიანიდან 54 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა.


