Accentnews.ge
სპეციალისტები მწეველებს მოწევისთვის თავის დანებებისკენ, კომპანიებს კი სიგარეტის წარმოების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

სპეციალისტები მწეველებს მოწევისთვის თავის დანებებისკენ, კომპანიებს კი სიგარეტის წარმოების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

06/04/2020 14:03:25 მსოფლიო, საზოგადოება

პანდემიის გამო სპეციალისტები მწეველებს მოწევისთვის თავის დანებებისკენ, ხოლო კომპანიებს სიგარეტის წარმოების დროებით შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

„ყველაზე საუკეთესო რამ, რაც შეიძლება, ამჟამად თამბაქოს ინდუსტრიამ გააკეთოს, თამბაქოს ნაწარმის წარმოებისა და რეალიზების დაუყოვნებლივ შეწყვეტაა“, – განაცხადა ტუბერკულოზისა და ფილტვების დაავადებების საერთშორისო კავშირის დირექტორმა ჯან ქუანმა.

მისივე თქმით, როგორც წესი მწეველებს უფრო სუსტი იმუნიტეტი აქვთ, ვიდრე არამწეველებს. გარდა ამისა, მწეველთა ნაწილს უკვე აქვს ფილტვების პრობლემები, რაც ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში რისკებს კიდევ უფრო ზრდის.

„მსოფლიოში ყველა მთავრობამ უნდა ურჩიოს მწეველებს, რომ შეწყვიტონ მოწევა. ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მაგალითზე შეგვიძლია, განვაცხადოთ, რომ მწეველებში ახალი კორონავირუსი უფრო გამწვავებული ფორმით მიმდინარეობს, ვიდრე არამწეველებში, იწვევს სუნთქვის უკიდურესად გართულებას“, – განაცხადა ჯან ქუანმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, მწეველებისთვის ახალი კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირების რისკი სავარაუდოდ, იზრდება.

„მწეველები სავარაუდოდ, უფრო დაუცველები არიან COVID-19– ის მიმართ, ვიდრე არამწეველები, რადგან მოწევის დროს ადამიანს თითები (შესაძლოა, დაბინძურებული სიგარეტი) ტუჩებთან მიაქვს, რაც ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ვირუსი ხელიდან პირს გადაეცეს. გარდა ამისა, ზოგიერთ მწეველს შესაძლოა, უკვე ჰქონდეს ფილტვების პრობლემები და კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში სერიოზული გამწვავების რისკი ძალიან იზრდება.

ამასთან, თამბაქოს მოსაწევი მოწყობილობების უმეტესობას აქვს ერთი მილი, საიდანაც თამბაქოს სხვადასხვა ადამიანი ეწევა. ამ შემთხვევაში შესაძლოა, COVID-19– ის გადაცემის რისკი მაღალი იყოს“, – აცხადებენ WHO–ში.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 69 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 270 000–ს გადააჭარბა, 265 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 188 შემთხვევაა დადასტურებული. 188 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S