
ჭუბერში მდინარე ნენსკრას ადიდების შედაგად დაზიანებულ მონაკვეთებზე სამუშაოები წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება
07/06/2019 12:52:26 კონფლიქტები, რეკლამა
მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭუბერში, უხვი ნალექების შედეგად, ნენსკრას ხეობაში არსებული შენაკადი მდინარე დევრა ადიდდა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. ამ დროისთვის, ჭუბერის მოსახლეობას და მიმდებარე ინფრასტრუქტურას საფრთხე არ ემუქრება. მხოლოდ რამდენიმე დამცავი ნაგებობა დაზიანდა უმნიშვნელოდ, რომლის აღდგენის სამუშაოებიც წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება. საჭიროების მიხედვით ადგილზე მობილიზდება შესაბამისი ტექნიკა. გასულ წელს, ჭუბერში მომხდარი სტიქიის შემდეგ, ჩატარდა აღდგენითი და სტიქიის პრევენციის ღონისძიებები, მდინარე ნენსკრას კალაპოტში მოეწყო ნაპირსამაგრი ნაგებობები. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მდინარე ნენსკრაზე დაფიქსირდა მაქსიმალური რაოდენობის ნალექი, რომელიც შესაძლებელია მოვიდეს 100 წელიწადში ერთხელ, ყველა ნაპირსამაგრი და სტიქიის საპრევენციო ნაგებობა თავის ფუნქციას ასრულებს, მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო დაზიანებაა, რაც მოსახლეობას და მიმდებარე ინფრატსრუქტურას საფრთხეს არ უქმნის. ამჟამად ადგილზე მობილიზებულია მუნიციპალური სამსახურები და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია შესაბამისი ტექნიკა.