ერდოღანი მზადაა, სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს
09/04/2020 11:14:07 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მზადყოფნა გამოთქვა, სომხეთს კორონავირუსის ეპიდემიასთან საბრძოლველად სამედიცინო დახმარება გაუწიოს, ასევე თურქეთში მყოფ სომხეთის მოქალაქეებს, რომელთაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვთ, ამაში დაეხმაროს. ამის შესახებ მან კონსტანტინოპოლის სომხურ საპატრიარქოსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, - იუწყება საპატრიარქოს ვებ-გვერდი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საპატრიარქოს და სომხურ ფონდებს თანხის შეგროვების იმ კამპანიაში მონაწილეობისათვის, რომელიც მის მიერ კორონავირუსის ეპიდემიასთან საბრძოლველად იქნა ინიცირებული. მანამდე კონსტანტინოპოლის სომხურმა საპატრიარქომ და სომხური ფონდების კავშირმა ამ კამპანიის ფარგლეში 88 ათასი აშშ დოლარი გაიღეს.
არსებული ინფორმაციით, ერდოღანმა ასევე იკითხა სომხური თემის საჭიროებების შესახებ. გარდა ამისა, იგი ტელეფონით ესაუბრა პეტროს შირინოლუს - წმინდა მხსნელის სახელობის სომხური საავადმყოფოს აქციონერთა საბჭოს ხელმძღვანელს. კლინიკა ამ დროისთვის ეპიდემიოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებადაა ქცეული.
თურქეთის ლიდერის სომხური თემის წარმომადგენლებთან საუბრამდე რამდენიმე საათით ადრე სტამბოლის ავტოვაგზლიდან ერევნის მიმართულებით გავიდა სამი ავტობუსი, რომელშიც სომხეთს 66 მოქალაქე იმყოფებოდა.
გაგიკ მუშეგიანმა, რომელმაც მეგობრებთან ერთად თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების ინიცირება მოახდინა, აცნობა “რადიო აზატუტიუნს”, რომ სომხეთის მოქალაქეების გადაყვანა ქვეყნის ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
მუშეგიანის თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი რეისების ორგანიზება სომხეთის მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 38 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული და 812-ია გარდაცვლილი.
ოფიციალურ ერევანს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად რა სახის სამედიცინო დახმარების მისაწოდებლადაა მზად თურქეთი სომხეთისთვის, რომელთანაც მას მრავალი წლის განმავლობაში დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს.
უახლოეს ხანებში სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს განცხადებას თურქეთიდან სამშობლოში სომხეთის მოქალაქეების დაბრუნების თაობაზე.


