კორონავირუსის გამო საუდის არაბეთმა იემენში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
09/04/2020 10:49:26 მსოფლიო
არაბულმა კოალიციამ, რომელსაც საუდის არაბეთი უდგას სათავეში, დღეიდან იემენში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
კოალიციის წარმომადგენლის, პოლკოვნიკ თურკი ალ-მალიქის განცხადებით, იემენში ირანის მხარდაჭერით მოქმედ ჰუსიტ ამბოხებულებთან ზავი ორ კვირაზეა გათვლილი და შემდგომში შესაძლოა, გახანგრძლივდეს.
მისივე თქმით, შეთანხმება ნაწილობრივ კორონავირუსული ინფექციის გავრცელების შეკავების მიზანს ემსახურება.
მანამდე გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა კორონავირუსის პანდემიის გამო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა რეგიონებში, სადაც კონფლიქტები მიმდინარეობს, მათ შორის – იემენშიც. იგი მიესალმა ერ-რიადის ბოლო განცხადებას და აღნიშნა, რომ ეს არა მარტო შემდგომ სამშვიდობო ძალისხმევას შეუწყობს ხელს, არამედ იემენს პანდემიასთან ბრძოლაშიც დაეხმარება.
ამავდროულოად დასავლური სააგენტოები აღნიშნავენ, რომ გაურკვეველი რჩება, დაიცავენ თუ არა ჰუსიტები ზავის პირობებს. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერ-რიადის განცხადებიდან რამდენიმე სააათში საუდის ეროვნულმა ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ იემენელმა ამბოხებულებმა ქალაქ მარიბის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. თავის მხრივ, ჰუსიტები ირწმუნებიან, რომ კოალიციამ დარტყმები განახორციელა ობიექტებზე ჰადდჯისა და საადის პროვინციებში.
ვითარება იემენში, რომელიც არაბული სამყაროს ყველაზე ღარიბ ქვეყნად ითვლება, მკვეთრად დაიძაბა 2014 წელს, როცა ჰუსიტმა ამბოხებულებმა ცენტრალური მთავრობა ჩამოაგდეს. შემდგომში კონფლიქტი საუდის არაბეთსა და ირანს შორის ე.წ. გაშუამავლებულ ომში გადაიზარდა და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.


