პუტინი:"რუსეთმა ყველა მტერსა და ჭირს გაუძლო, კორონავირუსულ ჭირსაც დავამარცხებთ”
08/04/2020 14:14:03 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსახლეობას “კორონავირუსული ჭირის დამარცხებას” დაჰპირდა.
ამის შესახებ მან გუბერნატორებთან შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო 2-3 კვირა გადამწყვეტი იქნება. "ყველაფერი მთავრდება და ესეც ჩაივლის. ჩვენს ქვეყანას არაერთგზის გამოუვლია სერიოზული გამოწვევები – ჭირიც, მტერიც – და ყველაფერს უმკლავდებოდა. ამ კორონავირუსულ ჭირსაც დავამარცხებთ", – განაცხადა პრეზიდენტმა. პუტინი ექიმებს, სამხედროების მსგავსად, მომდევნო სამი თვის განმავლობაში 25-დან 80 ათასამდე რუბლის ოდენობის სახელფასო დანამატებს დაჰპირდა.
ამასთან, პრეზიდენტმა ბიზნესის დამატებითი მხარდამჭერი ზომების მიღების აუცილებლობა აღიარა და მთავრობას 5 დღის ვადაში შესაბამისი გეგმის მომზადება დაავალა, თავად კი მცირე და საშუალო ბიზნესს სოციალურ ფონდებში გადასახადების 6 თვით გადავადებას დაჰპირდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე ბიზნესმენებს ყველა გადასახადის გადავადებას ჰპირდებოდნენ, დღგ-ის გარდა.


