უხანში კარანტინის მოხსნის შემდეგ ქორწინების მსურველთა მიმართვიანობის გამო სპეციალური პლატფორმა დახარვეზდა
08/04/2020 13:07:20 მსოფლიო
ჩინეთის ქალაქ უხანის მოსახლეობის ნაწილმა კარანტინის და სატრანსპორტო ბლოკადის მოხსნის შემდეგ ქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით შესაბამის უწყებებს მიმართა. ამის შესახებ Global Times წერს.
გამოცემის ცნობით, სპეციალური პლატფორმა Alipay, სადაც ქორწინებაზე განაცხადების შეტანა ხდება, დღეს დილიდან გადაიტვირთა და პლატფორმის საქმიანობა დროებით დახარვეზდა.
ირკვევა, რომ უხანში ქორწინების რეგისტრაციისთვის განაცხადი სამჯერ მეტმა მსურველმა შეავსო, ვიდრე ეს კარანტინამდე ხდებოდა. როგორც Alipay-ს წარმომადგენლები აცხადებენ, დაქორწინების მსურველთა რაოდენობამ მათ მოლოდინს გადააჭარბა.
7 აპრილს ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრი გახდა, ქალაქიდან გასვლის შეზღუდვა მოხსნეს.


