ბოჩელი აღდგომის ღამეს იტალიელების გასამხნევებლად დუომოს ტაძარში „ავე მარიას“ შეასრულებს (ვიდეო)
08/04/2020 10:22:44 მსოფლიო
პანდემიის გამო მილანის ისტორიული დუომოს ტაძარი ისევე, როგორც ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვა კათოლიკური ტაძრები მომლოცველებისთვის დაკეტილია. უკვე რამდენიმე კვირაა, მღვდელმსახურები ლოცვას ან მარტოობაში ან მრევლის წევრების ფოტოებთან ერთად აღავლენენ.
აღდგომის ღამეს საოპერო მომღერალი ანდრეა ბოჩელი იტალიელებს მილანის დუომოს ტაძრიდან „იმედის მუსიკით“ გაამხნევებს. კონცერტი ადგილობრივი დროით 19:00 სთ–ზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მომღერალი "Ave Maria"–სა და "Sancta Maria“–ს შეასრულებს.
„ვიმედოვნებ, ეს კონცერტი ყველა ადამიანს, მათი რწმენის მიუხედავად, გაამხნევებს“, – აცხადებს ბოჩელი.
შეგახსენებთ, რომ მომღერალმა იტალიის საავადმყოფოებს 140 000 აშშ დოლარი გადაურიცხა.
ბოლო მონაცემებით, ახალმა კორონავირუსმა იტალიაში 17 127 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 135 586, გამოჯანმრთელებულია 24 392.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 82 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 430 000–ს გადააჭარბა, 303 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული. 208 ადამიანიდან 48 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა.


