
Reuters – აშშ F-35–ებისთვის თურქ პილოტებს აღარ გაწვრთნის
07/06/2019 09:36:42 სხვა, მსოფლიო
ვაშინგტონმა მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაწვრთნას თურქი პილოტები F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის, – იუწყება Reuters აშშ–ის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
„აშშ–ში, არიზონაში მდებარე საჰაერო ბაზაზე რეგულარულად ჩამოდიან თურქი პილოტები, რომლებსაც F-35–ებისთვის წვრთნიან. ამჟამად ბაზაზე ოთხი თურქი პილოტი იმყოფება, თუმცა ვაშინგტონმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისინი სამომავლოდ აღარ გაწვრთნას. აღნიშნული ნაბიჯი უკავშირდება ანკარას განზრახვას, შეიძინოს რუსული წარმოების S-400–ები“, – წერს გამოცემა აშშ–ის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
ცნობისთვის: თურქეთს რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ების შეძენის პარალელურად, ამერიკული F-35–ის ტიპის 100 ავიაგამანდგურებლების შეძენაც სურს. თუმცა აშშ–ის ოფიციალური პირების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ თურქეთი S-400- ებს შეიძენს, შესაძლოა, ვაშინგტონმა ანკარას F-35–ები აღარ მიჰყიდოს.
შეგახსენებთ, რომ გასული თვის ბოლოს CNBC იუწყებოდა, რომ აშშ–მა თურქეთს დაახლოებით ორკვირიანი ვადა მისცა იმისათვის, რომ არჩევანი გააკეთოს S-400–ების შეძენასა და ამერიკულ სანქციებს შორის.
რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. მიწოდება 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს უკვე მიმდინარე წლის ივლისში მოხდეს. ამ გარიგებამ თურქულ– ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვია. ვაშინგტონი შიშობს, რომ კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება. გარდა ამისა, აშშ ყურადღებას ამახვილებს S-400 - ების შეუთავსებლობაზე NATO-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასთან. როგორც აშშ–ის სენატში განაცხადეს, თუ თურქეთი S-400-ებს განათავსებს მის წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს.