3000 კოლოფი „პლაქვენილი“, რომლის შემოტანაც რამდენიმე კვირის წინ დაანონსდა, ჯერ–ჯერობით საქართველოში არ შემოსულა
07/04/2020 12:52:44 საზოგადოება
3000 კოლოფი „პლაქვენილი“, რომლის საქართველოში შემოტანაც რამდენიმე კვირის წინ დაანონსდა, ჯერ–ჯერობით ქვეყანაში არ შემოსულა.
„პლაქვენილი“ საქართველოში ერთ კონკრეტულ ფირმას შემოაქვს. როგორც ისინი აცხადებენ, ამჟამად მოლოდინის რეჟიმში არიან და ამბობენ, რომ პრეპარატი ქვეყანაში შუა კვირისთვის იქნება. 3000 კოლოფი „პლაქვენილი“ „ავერსის“ , PSP–სა და "გეფა"–ს ქსელებში გაიყიდება“, – განუცხადეს „აქცენტს“ ჯანდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის: რიგი სხვა ქვეყნების მსგავსად, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების სამკურნალოდ „პლაქვენილს“ [ იგივე „ჰიდროქსილქლოროკინი“ მალარიისა და ართრიტის წინააღმდეგ სამკურნალო პრეპარატია] საქართველოშიც იყენებენ. როგორც 23 მარტს "აქცენტს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში წამლის მარაგს ელოდებოდნენ. "რაც შეეხება წამლის მარაგს, რამდენიმე კვირაში ჩამოვა 3000 კოლოფი, და „ავერსის“ , PSP–სა და "გეფა"–ს ქსელებში გაიყიდება“, – განუცხადეს 23 მარტს „აქცენტს“ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთმა, რომელიც აშშ–ს მალარიის წამლების 47%–ით ამარაგებს, აკრძალა მალარიის ყველა წამლის, მათ შორის ჰიდროქსიქლოროქინის ექსპორტი.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 74 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 300 000–ს გადააჭარბა, 287 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 196 შემთხვევაა დადასტურებული. 196 ადამიანიდან 39 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.


