
პანდემია ჩრდილოეთ კავკასიაში: რატომ თვითიზოლაცია და არა საგანგებო მდგომარეობა?
06/04/2020 09:16:52 კავკასია
პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, რუსეთის რეგიონებში არასამუშაო პერიოდი და თვითიზოლაციის რეჟიმი 30 აპრილამდე გახანგრძლივდა. ამასთან, მთელი ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონი, რომლის რამდენიმე რესპუბლიკა საქართველოსაც ესაზღვრება, ჩაიკეტა.
ფედერაციის ჩრდილოეთკავკასიურ სუბიექტებში სადღეისოდ მდგომარეობა განსხვავებულია. კერძოდ, ყარაჩაი-ჩერქეზეთში კორონავირუსული ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ არის აღრიცხული. ყაბარდო-ბალყარეთში 8 ინფიცირებუოია გამოვლენილი, ჩრდილოეთ ოსეთში – ხუთი (მათგან ბოლოს – დღეს გამოვლენილი პაციენტის შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და იგი უბრალოდ ვირუსის მატარებელია); ინგუშეთში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი ინფიცირებულია აღრიცხული, ჩეჩნეთის რესპუბლოიკაში - 15, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა და ეს COVID-19-ისგან სიკვდილიანობის პირველი შემთხვევაა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის მასშტაბით; დაღესტანში უკვე 25 ნფიცირებული ჰყავთ და ინფექციის გავრცელება ამ რესპუბლიკაში მეოთხე – უკონტროლო ეტაპზე გადავიდა (ინფიცირებულთა კონტაქტების ისტორიის დადგენა შეუძლებელია); სტავროპოლის მხარეში 11 შემთხვევაა აღრიცხული, ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ეს განკურნების პირველი შემთხვევაა მთელი ჩრდილოეთკავკასიური რეგიონის მასშტაბით.
მას შემდეგ, რაც “როსპოტრებნადზორმა” ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით ავადობასთან დაკავშირებით ვითარების დამძიმების შესახებ განაცხადა, ყაბარდო-ბალყარეთში მანამდე არსებულ შეზღუდვებს დაემატა ახალი – სატრანზიტო ტრანსპორტისთვის: ამიერიდან რუსეთის სხვა რეგიონებში რეგისტრირებული მანქანები გადაადგილებას მხოლოდ ფედერალურ ტრასებზე და იმ გზებზე შეძლებენ, სადაც დასახლებული პუნქტების შემოვლაა ორგანიზებული.
ფედერალური მთავრობა ჩრდილოეთკავკასიურ რესპუბიკებს ვირუსთან საბრძოლველად, კერძოდ მედიკოსების საქმიანობის სტიმულირებისთვის დამატებით 348,5 მლნ რუბლს დაჰპირდა. მათ შორის დაღესტანი დოლარის ექვივალენტში 1,3 მლნ-ს მიიღებს, სტავროპოლის მხარე - 1,35 მლნ-ს, ჩეჩნეთი – 700 000 დოლარს, ყაბარდო-ბალყარეთი - 380 000-ს, ჩრდილოეთ ოსეთი - 340 000-ს, ინგუშეთი - 220 000-ს, ყარაჩაი-ჩერქეზეთი - 208 000-ს, - იუწყება რუსული მედია.
ამასთან, ჩრდილოეთ ოსეთში მედიკოსებს ყველაზე მაღალ დანამატებს დაჰპირდნენ.
«მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი ექინების მიმართ, რომლებიც ამ ჭირთან პირისპირ აღმოჩდნენ და არ უძებნიათ მიზეზები სამსახურისთვის თავის ასარიდებლად” – განაცხადა სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ბიტაროვმა.
რაც შეეხება თვითიზოლაციის რეჟიმის პირველი კვირის ეკონომიკურ შედეგებს, თუ რეგიონული მედიის პუბლიკაციებით ვიმსჯელებთ, ყველაზე მეტად ზარალდებიან მცირე სწარმოები და ინდმეწარმეები. «Эхо Кавказа»-მ ადგილობრივი მოვაჭრეები გამოჰკითხა. მათი უმეტესობა მძიმე მდგომარეობაშია: ბანკები საკრედიტო გადასახადების გადავადებას არ აპირებენ, ანალოგიურად – არც ის პირები, რომელთაგანაც ფართები იჯარით აქვთ აღებული და ამ უკანასკნელებს არც საიჯარო გადასახადის შემცირება სურთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ საშუალოდ საიჯარო თანხაზე შემოსავლის ნახევარი მოდის, მის გარდა კი საბანკო კრედიტების თანხაცაა დასაფარი, ინდმეწარმეებს წმინდა შემოსავალი პრაქტიკულად არც რჩებათ.
“ამაშია სხვაობა საგანგებო რეჟიმსა და თვითიზოლაციას შორის: პრეზიდენტ პუტინს რომ საგანგებო რეჟიმი შემოეღო, ეს ფორს-მაჟორად ჩაითვლებოდა და მისი მოქმედების ვადით შესაძლებელი გახდებოდა კომუნალური, საკრედიტო, საიჯარო და სხვა გადასახადების გადავადება. ასე კი – თვითიზოლაციის პირობებში იურიდიული თვალსაზრისით გაუგებარ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომელიც არავის არაფერს ავალდებულებს”. ჩრდილოეთ კავკასიაში ოჯახების უმრავლესობა დღევანდელი დღით ცხოვრობს, თანხის გადადებას ცოტა თუ ახერხებს. მათთვის ტერმინი “თვითდასაქმებული” დაამკვიდრეს. თვითიზოლაციის რეჟიმის შედეგად მოსახლეობის ეს ნაწილი საარსებო წყაროების გარეშე დარჩა. ხალხი უბრალოდ ვერ მისცემს თავს უფლებას, 1,5 თვე არ იმუშავოს” – წერს ამასთან დაკავშირებით “ეხო კავკაზას” მიმომხილველი მურატ გუკემუხოვი .
მისივე ინფორმაციით, ყაბარდო-ბალყარეთში თვითდასაქმებულები რესპუბლიკის ლიდერ კაზბეკ კოკოევისგან დახმარებას ითხოვენ. «პროდუქტებს, ისევე, როგორც ფულს გამოლევა ახასიათებს და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ავუხსნა ეს ორ მცირეწლოვან ბავშვს. თან გადასახადებია სახდელი. სად უნდა გავიქცეთ, რა მოვიმოქმედოთ?!» – წერს Instagram-ში ერთ-ერთი ადგილობრივი ქალბატონი. «ხალხი საარსებო წყაროების გარეშეა დარჩენილი იმ პირობებში, როცა ბევრს კრედიტი აქვს აღებული, ბანკებს კი გადავადება არ სურთ. რაღაც შეღავათი მაინც მოგვეცით!» – წერს მეორე.
დაღესტანში, რესპუბლიკის შრომის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური შესაძლოა, 2700-ზე მეტმა მოქალაქემ დაკარგოს. ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა, რომ საწარმოებში არასრული დასაქმების რეჟიმის იძულებითი შემოღება ქარხნებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.