
დღეიდან ბიზნესების შემოწმება იწყება: "ჩვენი ამოცანა დასჯა არაა"
06/04/2020 08:34:10 ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, დღეიდან საწარმოებისა და ბიზნესების შემოწმება იწყება, თუ რამდენად იცავენ ისინი ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციებს კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში.
შემოწმება დაიწყება სისტემური საწარმოებიდან, რომლებსაც მიეცათ ფუნქციონირების უფლება.
"ვფიქრობთ, დღეში 50–მდე ბიზნესის შემოწმებას შევძლებთ. დავიწყებთ იმ ბიზნესების შემოწმებასაც, რომლებსაც დროებით შეუჩერდათ ფიქნციონირების უფლება. ამას გარკვეული დრო დასჭირდება. დრო სჭირდებათ ბიზნესსაც, რომ გადაეწყონ უსაფრთხოების სტანდარტებზე",– განაცხადა თურნავამ და ბიზნესს მიმართა: "ეს ინვესტიცია არ დაგეკარგებათ. კარგად მოემზადეთ, რომ მშვიდად მოგცეთ საქმიანობის გაგრძელების უფლება".
მისივე თქმით, თუ შემოწმების პროცესში მათ რაიმე გამორჩებათ, დასაქმებულებისთვის იმუშავებს ცხელი ხაზი და მათ ცნობაზე რეაგირება დაუყონებლივ მოხდება.
"ჩვენი ამოცანა არა დასჯა, დახმარებაა – იყვნენ უსაფრთხო",– დასძინა თურნავამ.