
ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში ბაზრები დაიხურა
06/04/2020 06:46:02 ეკონომიკა, საზოგადოება
ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დღეიდან აღარ იმუშავებს. ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ჯანდაცვის რეკომენდაციების შეუსრულებლობა გახდა.
„ზუგდიდის ბაზარში უსაფრთხოების ნორმების დაცვა ვერ ხერხდება. ბევრი მოქალაქე გადაადგილდება და ფიზიკურად შეუძლებელია იმ ნორმების დაცვა, რაც არის გათვალისწინებული და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული. ამიტომ, ჩვენ იძულებულები ვართ ზუგდიდის ცენტრალური ბაზარი დაიხუროს და გარკვეული პერიოდი გამოიყოს იმისათვის, რომ ის ტერიტორია მოწესრიგდეს“, - განაცხადა შენგელიამ.
ბაზარში დასაქმებულები აცხადებენ, რომ ბაზრის დაკეტვის შესახებ ისინი არავის გაუფრთხილებია, ამიტომ სავაჭრო საქონელი უკვე ნაყიდი აქვთ. მოვაჭრეები ადგილობრივ ხელისუფლებას სავაჭრო დროის რამდენიმე დღით გახანგრძლივებას სთხოვენ, რათა უკვე შეძენილი პროდუქტი გაყიდონ.
ასევე დაიკეტა თელავსა და გურჯააის აგრარული ბაზრები. როგორც აგრაგრული ბაზრების მოვაჭრეები აცხადებენ, მათ დახლებზე დიდი ოდენობით მალფუჭებადი პროდუქცია დარჩათ.
მოვაჭრეების თქმით, მიღებული გადაწყვეტილება მათ ფინანსურად დიდ დარტყმას მიაყენებს.
სურსათის უვნებლობის სამსახურმა ბაზრების დაკეტვის რეკომენდაცია გუშინ გასცა. აგრარული ბაზრების მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მოვაჭრეები გუშინვე გააფრთხილეს.