მედია – საფრანგეთში COVID-19–ის გავრცელების მთავარ წყაროდ მორწმუნეთა 5–დღიანი შეკრება სახელდება
05/04/2020 19:34:57 მსოფლიო
საფრანგეთში ახალი კორონავირუსის (COVID-19)–ის გავრცელების მთავარ წყაროდ ევანგელურ ეკლესიაში მორწმუნეთა 5–დღიანი შეკრება სახელდება , – იუწყება Reuters.
მისივე ცნობით, ღონისძიება 18 თებერვალს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდა. მორწმუნეთა ნაწილმა ათასობით მილი გაიარა ქალაქ მულჰაუსში შეკრებაზე დასასწრებად. საფრანგეთის ეს ქალაქი გერმანიასა და შვეიცარიას ესაზღვრება.
როგორც გამოცემა წერს, ამ შეკრებას COVID-19–ით ინფიცირებულიც ესწრებოდა. სწორედ აქედან წარმოიშვა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდი კლასტერი. დაახლოებით 2500 დადასტურებული შემთხვევა სწორედ ამ ღონისძიებას უკავშირდება. მრევლის წევრებმა კი ეს ვირუსი სახლებში მიიტანეს.
„ამ ღონისძიებიდან დაახლოებით 1 კვირაში გერმანიამ საფრანგეთთან საზღვარი ნაწილობრივ ჩაკეტა. როგორც ჩვენი წყაროები გვიყვებიან, სწორედ ეს შეკრება გახდა მიზეზი იმისა, რომ გერმანიამ აღნიშნული ნაბიჯი გადადგა“, – წერს Reuters.
როგორც ეკლესიის ოფიციალურმა პირებმა გამოცემასთან საუბრისას განაცხადეს, ამ შეკრების მონაწილე 17 პირი COVID-19–მა იმსხვერპლა.
გამოცემის ცნობით, ამ შეკრებამდე საფრანგეთში ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 12 შემთხვევა ფიქსირდებოდა და მათგან არც ერთი არ იყო მულჰაუსის მხარეს დადგენილი.
როგორც Reuters იუწყება, ოფიციალურად, როცა ამ შეკრების კლასტერი აღმოაჩინეს 29 თებერვალი იყო. დაიწყეს შეკრებაზე მყოფი ხალხის კონტაქტების მოძიება, თუმცა უკვე ძალიან დაგვიანებული იყო.
„ვიგრძენით, რომ უკვე ძალიან დაგვიანებული იყო. გაცნობიერებული გვქონდა, რომ შემთხვევების ერთდროულად აფეთქება უკვე დროის საკითხი იყო“, – განაცხადა საფრანგეთის ეროვნული ჯანდაცვის სააგენტოს ეპიდემიოლოგმა მიშელ ვერნიმ.
ბოლო მონაცამებით, საფრანგეთში COVID-19–მა 7 560 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 89 953, გამოჯანმრთელებულია 15 438.


