თურქეთში სასურსათო მაღაზიის მფლობელი ფულის კუპიურებს ხარშავს
05/04/2020 18:10:06 მსოფლიო
თურქეთში სასურსათო მაღაზიის მფლობელი ფულის კუპიურებს ხარშავს, – იუწყება Daily Sabah.
მისივე ცნობით, ორჰან სარი ორდუს პროვინციაში ერთ–ერთი სასურსათო მაღაზიის მფლობელია.
„ბანკნოტებს წყლიან ტაფაში ვალაგებ. შემდეგ გაზქურაზე ვათავსებ. წყლის ტემპერატურა 100 გრადუსი უნდა იყოს. როცა ამ ტემპერატურაზე მოიხარშება, შემდეგ ვალაგებ კუპიურებს ტაფიდან და ვაშრობ. პროცედურა ბანკნოტებს არ აზიანებს. ასე ვზრუნავ ჩემი და ჩემი მომხმარებლების ჯანმრთელობაზე“, – აცხადებს ორჰან სარი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების ერთ–ერთ წყაროდ ფულიც სახელდება.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 65 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 200 000–ს გადააჭარბა, 251 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 174 შემთხვევაა დადასტურებული. 174 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.


