კორონავირუსმა ცოლ–ქმარი 6–წუთიანი ინტერვალით იმსხვერპლა
04/04/2020 11:33:35 მსოფლიო
აშშ–ში, ფლორიდაში ახალმა კორონავირუსმა იმსხვერპლა ცოლ–ქმარი, რომლებიც ერთად 51 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, დაავადებით ჯერ 74 წლის სტიუარტ ბეიკერი გარდაიცვალა და მისი დაღუპვიდან 6 წუთში კი მისი მეუღლე 72 წლის ადრიან ბეიკერი.
როგორც გარდაცვლილთა შვილ ჰყვება, მშობლებმა თავი შეუძლოდ დაახლოებით სამი კვირის წინ იგრძნეს.
„ისინი წავიდნენ საავადმყოფოში, სადაც ურჩიეს, რომ სახლში თვითიზოლაციაში გაეგრძლებინათ ცხოვრება. მერე მამას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. დაახლოებით 5 დღეში დედასაც იგივე საჭიროება დაუდგა. ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გვერდი–გვერდ იყვნენ მოთავსებულები. მამის გარდაცვალებიდან დაახლოებით 6 წუთში დედაც გარდაიცვალა“, – ჰყვება ბადი ბეიკერი.
ბოლო მონაცემებით, აშშ–ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 7 403–ს მიაღწია, ინფიცირებულია 277 533, გამოჯანმრთელებულია 12 283.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 60 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 130 000–ს გადააჭარბა, 235 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 157 შემთხვევაა დადასტურებული. 157 ადამიანიდან 28 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 1 შემთხვევა.


