როგორი წესით დაკრძალავენ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პირს
04/04/2020 10:54:14 საზოგადოება
საქართველოში დღეს ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებამ 79 წლის ქალი იმსხვერპლა.
როგორც „აქცენტს“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WHO) განუცხადეს, WHO ამ შემთხვევაში რეკომენდაციით მიმართავს ქვეყნებს, "ისარგებლონ იმ გაიდლაინებით, რომელიც ინფექციური დაავადებებისგან გარდაცვლილთა სხეულის მართვისთვის არის დადგენილი".
„არ არსებობს კონკრეტული, რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაცია, რომელიც მხოლოდ ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის წესს ეხება“, – განუცხადეს „აქცენტს“ WHO-ს ჟენევის ოფისის პრეს–სამსახურში.
როგორი წესით დაიკრძალოს ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი, ამ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობა საკუთარი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე იღებს.
საქართველომ რამდენიმე დღის წინ შეიმუშავა კორონავირუსით გარდაცვლილის დაკრძალვის წესი. კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ბრძანებულების თანახმად:
- კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანი თავსდება გვამის ჩანთაში და გარედან უკეთდება ინფექციური საფრთხის მიმანიშნებელი საერთაშორისო სიმბოლო;
- ხდება გვამის ჩანთის დეზინფიცირება;
- სამკურნალო დაწესებულებიდან გვამის გადასვენება ხდება სასახლით, რომელშიც გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთით და რომლის გახსნა მიცვალებულის გადასვენებისა და დაკრძალვის ნებისმიერ ეტაპზე აკრძალულია.
- საჭიროა მიცვალებულის დროულად (არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში) დამარხვის ორგანიზება და ხალხმრავალი პანაშვიდებისგან თავის შეკავება.
ცნობისთვის: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს ორგვარი წესით კრძალავენ: ან წვავენ ინფიცირებულის გვამს და მერე ათავსებენ ფერფლს კუბოში, ან ინფიცირებულს კრემაციის გარეშე ათავსებენ კუბოში. თუმცა ორივე შემთხვევაში დაკრძალვის ცერემონია უმკაცრესი ზომებით ხორციელდება, რადგან უცნობია რამდენ ხანს რჩება ვირუსი გარდაცვლილის სხეულზე.
მაგალითად, სინგაპურში ორივე წესი ნებადართულია, თუმცა არ შეიძლება, გარდაცვლილის გვამთან შეხება და კოცნა. დაკრძალვის ცერემონიალს კი მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებიან.
როგორც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ისინი გარდაცვლილის გვამს ცელოფანში ორმაგად გადაახვევენ, მანამდე კი მას განბანის რიტუალი ჩაუტარდება, რომელსაც სპესტანსაცმელში გამოწყობილი შესაბამისი პირები ჩაატარებენ და როგორც აქამდე ხდებოდა გვამს სასახლეში ჩაცმულს ჩაასვენებენ.
სამხრეთ კორეაში ჯერ წვავენ ინფიცირებულის ცხედარს და შემდეგ ფერფლს ათავსებენ კუბოში.
იტალიაში, სადაც, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, გვამებს წვავენ და შემდეგ კრძალავენ. დაკრძალვის ცერემონიას უმეტესად მხოლოდ სასულიერო პირები და სასაფლაოს თანამშრომლები ესწრებიან, რადგან ჭირისუფლები კარანტინში არიან. დამკრძალავი ბიუროები ასეთ დროს ვიდეო–ზარის განხორციელებით აძლევენ საშუალებას ჭირისუფლებს თვალი ადევნონ მათი ოჯახის წევრის დაკრძალვის ცერემონიას.
მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში აკრძალულია დაკრძალვაზე ხალხმრავლობა.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 60 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 130 000–ს გადააჭარბა, 235 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 157 შემთხვევაა დადასტურებული. 157 ადამიანიდან 28 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 1 შემთხვევა.


