საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
04/04/2020 08:38:31 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჟურნალისტებს განუცხადეს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ის კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
"ანამნეზში იყო ბოლო 6 თვის განმავლობაშია მკვეთრი წონის დეფიციტი, ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად, გამოვლინდა ორმხრივი პნევმონია, ასევე დადასტურდა პნევმოთორაქსი, მწვავე რესპირატორული დისტრესი. შემოყვანისთანავე დადასტურდა მწვავე სეფსისი ჰემოდინამიკის რღვევით. ამ კვლევების შემდეგ, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებული იქნა სიმპტომური და პათოგენეზური მკურნალობა, მაგრამ ჩატარებული ღონისძიებები ამ ეტაპზე აღმოჩნდა უეფექტო. მისი სომატური პათოლოგიებიდან გამომდინარე დღეს დილით 9 საათზე, სამწუხაროდ, დაფიქსირდა ლეტალობა,“-განაცხადა საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აღნიშნული პირი მიაკუთვნება ე.წ. ბოლნისის სოფელ კაპანახჭის კლასტერს, სადაც ხუთი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება:
"ეს ქალბატონი არის კონტაქტირებული ადამიანებთან, რომლებიც რუსეთ–აზერბაიჯანიდან შემოვიდნენ და ამ სოფელში ერთ–ერთ სარიტუალო სუფრაზე გახლდნენ, შემდეგ მიმდინარეობდა რელიგიური დღესასწაული და აქედან ერთ–ერთმა გადასდო სწორედ ამ ქალბატონს, რომელიც არის ნათესავი პირველი ინფიცირებულის. ამ შემთხვევაში ინფექციის განვითარების ჯაჭვი სრულად ცნობილია".


