ევროპის საბჭო:"რუსეთი ეპიდემიას მედიის თავისუფლების შესაზღუდად იყენებს"
03/04/2020 14:32:40 მსოფლიო
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი შეშფოთებულია ცნობებით რუსეთისა და რიგი სხვა ქვეყნების ხელისუფლებების მიერ კორონავირუსის პანდემიის საბაბით მედიის თავისუფლების შეზღუდვის სავარაუდო მცდელობების თაობაზე.
ამის შესახებ მის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"პანდემიის საკითხების გამშუქებელი ჟურნალისტები უნგრეთსა და რუსეთის ფედერაციაში აწყდებიან სხვადასხვა სირთულეებს, სასჯელს, “დეზინფორმაციის” გავრცელებისთვის 5-წლიანი პატიმრობის მუქარის ჩათვლით, – ნათქვამია განცხადებაში. მასში ხაზგასმულია, რომ ბოლო დროს რიგმა ქვეყნებმა ჟურნალისტებისთვის სასჯელის ზომა გაამკაცრეს. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება უნგრეთსა და რუსეთზეა გამახვილებული, სადაც კორონავირუსის შესახებ “ფეიქ-ნიუსების გავრცელებისთვის” სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული. რუსეთში შესაბამისი კანონი ოპერატიულ რეჟიმში მიმდინარე კვირას მიიღეს. ხაზგასმულია ასევე პრობლემები, რომლებსაც ჟურნალისტები ევროპის საბჭოში შემავალ სხვა ქვეყნებში აწყდებიან, კერძოდ, აზერბაიჯანში, ბოსნიაში, სომხეთში, რუმინეთში. "არავთარი ეჭვი არაა იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობები აწყდებიან უპრეცედენტო გამოწვევებს მიმდინარე ეპიდემიასთან დაკავშირებით. თუმცა დაუშვებელია, ეს გამოიყენებოდეს მედიის თავისუფლებისა და, შესაბამისად, ინფორმაციაზე მოქალაქეების წვდომის შესაზღუდავად. ჟურნალისტები და მედია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მისიას ასრულებენ საზოგადოების საკეთილდღეოდ. მათი საქმიანობა უნდა დაიცვან და არა ზღუდონ", – ნათქვამია ევროპის საბჭოს კომისრის ინფორმაციაში.


