ვიელერი: "სასუნთქი აპარატების მარაგი, რაც დღეს გერმანიას გააჩია, საკმარისი აღარ იქნება"
03/04/2020 10:51:30 მსოფლიო
რობერტ კოხის ინსტიტუტის დირექტორის განცხადებით, „გერმანიას შესაძლოა, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის სასუნთქი აპარატები აღარ ეყოს“.
„მოხარული ვიქნები, თუ სასუნთქი აპარატების რაოდენობა გაიზრდება. ჩემი აზრით, ის მარაგი, რაც დღეს გაგვაჩნია, საკმარისი არ იქნება. ბედნიერი ვიქნები, თუ შევცდები. რისკის ჯგუფში მხოლოდ ასაკოვანი მოქალაქეები არ არიან, შეგახსენებთ, რომ აქ უკვე ახალგაზრდებიც შედიან“, – განაცხადა ლოთარ ვიელერმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს დაფიქსირდა. დაავადებით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 2 თვის შემდეგ გაიზარდა. კერძოდ, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა ბოლო ერთ კვირაში 0,4%–დან 1,2%–ს მიაღწია.
ამ დროისთვის გერმანია ევროპის სხვა ქვეყნებთან (იტალია – 11,7%; ესპანეთი – 8,7%; დიდი ბრიტანეთი – 7,11% და საფრანგეთი – 6,6 %) შედარებით, სიკვდილიანობის ყველაზე დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს.
ბოლო მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსმა 1 107 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 84 794, გამოჯანმრთელებულია 22 440.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 53 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 000 000–ს გადააჭარბა, 214 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. 148 ადამიანიდან 27 გამოჯანმრთელებულია.


