Accentnews.ge
როგორ შეხვდებიან აღდგომას საბერძნეთში

როგორ შეხვდებიან აღდგომას საბერძნეთში

02/04/2020 14:53:34 მსოფლიო

საბერძნეთის რელიგიისა და განათლების მინისტრის ნიკი კერამეუსის განცხადებით, აღდგომის დროს ეკლესიებში წირვა-ლოცვა დახურულ კარს მიღმა, მრევლის გარეშე ჩატარდება.

Greek City Times–ის თანახმად, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ათენისა და მთელი საბერძნეთის არქიეპისკოპოსმა იერონიმოსმა სამინისტროს შესაბამისი თხოვნით მიმართა.

იერონიმოსის განცხადებით, მსახურება მაინც ჩატარდება, თუმცა საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ შინ დარჩნენ და ილოცონ სხვისი კარგად ყოფნისთვის.

„ყველა უნდა დაემორჩილოს ჯანდაცვის სპეციალისტების და მეცნიერების მითითებებს, ხოლო დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება ამ პირობებში დაუშვებელია, ქრისტიანული რწმენის სახელითაც კი“, — ნათქვამია წმინდა სინოდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სინოდის გადაწყვეტილებით, მრევლთან ერთად აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 26 მაისის საღამოს - 27 მაისის გამთენიას "აღდგომის წარგზავნის" დღესასწაულზე აღინიშნება.

ეკლესიას იმედი აქვს, რომ მაისის ბოლოსთვის პანდემიის კრიზისი გადაივლის და ქვეყანაში საგანგებო ზომები მოიხსნება.

ინფორმაციისთვის: საბერძნეთში ამჟამად კორონავირუსის 1 415 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 52 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 52 პაციენტი.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც 2 აპრილს „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ხელისუფლება ეკლესიასთან მუდმივ კომუნიკაციაშია და ჩატარდება თუ არა რელიგიური რიტუალები საყოველთაო კარანტინის დროს, ამ კომუნიკაციის შედეგად გადაწყდება.

ცნობისთვის: 31 მარტიდან საქართველოში 3 ადამიანზე მეტის შეკრება საყოველთაო კარანტინით იკრძალება.

„ხელისუფლება მთლიანად მართავს ვითარებას და ამ მართვის ნაწილია კონსულტაციები ყველასთან, ვისთანაც კონსულტაციები მნიშვნელოვანია. მუდმივი კონსულტაციები გვაქვს ეკლესიასთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან.

დარწმუნებული ვარ, საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ქვეყნის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკლესიის ინტერესებში. ჩვენ გვექნება აბსოლუტურად დაბალანსებული გადაწყვეტილება ამ მიმართულებით“, – ამბობს კობახიძე.

მანამდე ეკლესიასთან კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე პრემიერი გიორგი გახარიაც საუბრობდა. ის 30 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ კი პრემიერმა აღნიშნა: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააღდგომო დღესასწაულებამდე გავუმკლავდეთ [კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობას], თუმცა ამის გარანტია არათუ საქართველოში, არამედ გლობალურად მსოფლიოში არ არსებობს”.

1 აპრილს გავრცელდა ილია მეორის განცხადება, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ ეკლესიის კარი ღია რჩება.

საქართველოში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. საყოველთაო კარანტინის პირობებში სხვა შეზღუდვებთან ერთად იკრძალება 3-ზე მეტი პირის შეკრება, გარდა ბანკებისა, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოდ დაცული უნდა იყოს 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია. ]

2 აპრილის 18:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 130 ადამიანს, საიდანაც 26 გამოჯანმრთელდა, ორმა უცხოელმა საქართველო დატოვა, ამდენად, ამ დროისთვის ქვეყანაში 102 აქტიური შემთხვევაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S