მშობლები შვილის ქორწილს დისტანციურად დაესწრნენ (ფოტო)
02/04/2020 09:43:06 მსოფლიო
ნიუ-დელიში მყოფი მშობლები ვაჟის ქორწილს დისტანციურად დაესწრნენ. როგორც CNN იუწყება, ქორწილის ცერემონია აშშ–ში, არიზონას შტატში გაიმართა. მშობლები ამერიკაში გამგზავრებას გეგმავდნენ, თუმცა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ინდოეთის მიერ შემოღებული საგანგებო მდგომარეობის გამო მათ ეს ვეღარ მოახერხეს.
ოჯახმა შექმნილ ვითარებაში გამოსავალი იპოვა და ისინი ქორწილს დისტანციურად ვიდეოჩართვის საშუალებით დაესწრნენ.
„მე, ჩემი მშობლები, ჩემი მეუღლე და შვილი სადღესასწაულო ტანსაცმელში გამოვეწყვეთ და ეკრანიდან ვირტუალურად შევუერთდით ქორწილის ცერემონიას. მართალია, ეს ყველაფერი დისტანციურად ხდებოდა, მაგრამ ოჯახის წევრებს გვქონდა განცდა, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს ყველანი ერთად ვიყავით“, – განაცხადა CNN–თან საუბრისას სიძის ძმამ ნალინ მეჰტამ.


შეაგხსენებთ, რომ პანდემიის გამო მსოფლიოში ქვეყნების დიდმა ნაწილმა მკაცრი საგანგებო ზომები, მათ შორის გადაადგილების ამკრძალავი გადაწყვეტილებები მიიღო.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 47 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 936 000–ს გადააჭარბა, 195 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 130 შემთხვევაა დადასტურებული. 130 ადამიანიდან 26 გამოჯანმრთელებულია.


