
„ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის დახმარება, რომელიც სტრატეგიულმა პარტნიორებმა პოსტკრიზისულ პერიოდში უნდა გაგვიწიონ“
01/04/2020 20:22:24 ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია საერთაშორისო პარტნიორებს კრიზისულ პერიოდში დახმარების გაწევისთვის მადლობას უხდის, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის დახმარება, რომელიც საქართველოს პოსტკრიზისულ პერიოდში დასჭირდება.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს, რომელმაც შესანიშნავი სამუშაო გასწია და ჩვენ დღეს ქვეყანაში უკვე გვაქვს გარკვეული ციფრები „ცხელი ფულის“, სწრაფი დახმარების, ეს რამოდენიმე ათეული მილიონი ევროა. ამასთან, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანს, რომელმაც ასევე სწრაფად იმოქმედა და სწრაფი დახმარების ნაწილში, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში ეს დახმარება ჩვენ უკვე ფიქსირებული გვაქვს, მიღებული დაპირება გვაქვს. თუმცა უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ ეს არის კრიზისში სწრაფი დახმარების ნაწილი, ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის დახმარება, რომელიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა პოსტკრიზისულ პერიოდში ქვეყნის აღდგენის და პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის ნაწილში უნდა გაგვიწიონ. საქართველოს ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო წელს და ამ წლის პირველი ნაწილი ძალიან კარგად ვითარდებოდა. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ეს ძალიან კარგად იციან. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ძალიან კარგი შეფასება მისცა წლის დასრულებასა და წლის დასაწყისს. ისინი ხედავენ, რომ ჩვენ ამ ბრძოლასაც და ამ კრიზისსაც ვუმკლავდებით და ვინარჩუნებთ ეკონომიკის პოტენციალს და იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება საქართველოსთვის იქნება დახმარება პოსტკრიზისულ პერიოდში მაშინ, როდესაც დაგვჭირდება სწრაფი აღდგენა ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების", – განაცხადა გახარიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.