"რომ არა მკაცრი შეზღუდვები, აშშ-ში კორონავირუსით 2,2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპებოდა."
01/04/2020 04:22:13 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის დომალდ ტრამპის განცხადებით, რომ არა მკაცრი შეზღუდვები, აშშ-ში ახალი ტიპის კორონავირუსით 2,2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპებოდა.
„სულ ვეკითხები ექიმებს, რა მოხდებოდა, რომ არ დაგვეწესებინა მკაცრი წესები და იყო ჯგუფი, რომელიც ამბობდა, მოდი მივუშვათ ეს ყველაფერი თავის ნებაზე. ამ შემთხვევაში ყველაზე მცირე 1,6 მილიონი ამერიკელი დაიღუპებოდა, მაგრამ შეიძლება დაღუპულიყო 2,2 მილიონზე მეტიც კი. ადამიანები დაიღუპებოდნენ ყველგან – თვითმფრინავებში, სასტუმროებში“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ძალიან რთულია, როდესაც ექიმები ვარაუდობენ, რომ მკაცრი შეზღუდვების პირობებშიც კი, შესაძლოა, 100 000-დან 200 000-მდე ადამიანი დაიღუპოს.
„ბევრი მეგობარი და ბიზნესმენი მეუბნებოდა, მოდი არაფერი გავაკეთოთო. ჩათვალე, რომ ეს უბრალო გრიპიაო. მაგრამ, ეს არ არის გრიპი. მეგობარს აცილებ საავადმყოფოში და მეორე დღეს ურეკავ და ის კომაშია – ასეთი რამ მეც მომივიდა. ასე რომ, ეს არ არის გრიპი. თავდაპირველად ბრიტანეთშიც უნდოდათ ამ დაავადების მიშვება, ამ კონცეფციას განიხილავდნენ, თუმცა, შემდეგ ისინიც მიხვდნენ, რომ ეს არ შეიძლებოდა და ეს იქნებოდა კატასტროფა. ახლა ბორისიც ინფიცირებულია. იმედია, ის კარგად იქნება“, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ მომდევნო 30 დღის განმავლობაში წესების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 811 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დღემდე სულ 3 815 ადამიანია დაღუპული.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მაჩვენებლით აშშ-მა ეპიდემიის თავდაპირველ ეპიცენტრ ჩინეთს გადაასწრო, სადაც ვირუსს 3 305 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილზეა ინფიცირებულთა რაოდენობით. მას მოსდევს იტალია, ესპანეთი, ჩინეთი, გერმანია, ირანი და საფრანგეთი.


