
შსს ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
06/06/2019 08:17:14 სხვა, სამართალი
შსს ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"6 ივნისს, დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმროს, „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ კუთვნილი ვერტმფრენი ე.წ. „ყანების ტერიტორიაზე“, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი: ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“, – აცხადებენ შსს-ში.