ამერიკელი ნეიროქირურგი, რომელმაც ერთმანეთთან თავით გადაბმული ტყუპები დააშორა, კორონავირუსმა იმსხვერპლა
31/03/2020 06:02:51 მსოფლიო
ამერიკელი ნეიროქირურგი, რომელმაც ერთმანეთთან თავით გადაბმული ტყუპები დააშორა, ახალმა კორონავირუსმა იმსხვერპლა.
CNN–ის ცნობით, ექიმ ჯეიმს გუდრიჩს დაავადება გაუმწვავდა და წუხელ, გვიან ღამით გარდაიცვალა. „მისი პროფესიონალიზმი და გამოცდილება მეორეხარისხოვანი იყო მის კეთილშობილებასთან შედარებით. იგი ყველაზე მზრუნველი და საოცრად თავმდაბალი ადამიანი იყო. ყოველ წელს აცხობდა სადღესასწაულო ნამცხვრებს და თავად ურიგებდა მონტეფიორეს ბავშვთა ჰოსპიტალის ექთნებსა და პაციენტებს“, – ნათქვამია მონტეფიორეს საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნეიროქირუგმა ჯეიმს გუდრიჩმა ერთმანეთთან თავით გადაბმული ტყუპების დაშორიშორების 7 ოპერაცია გააკეთა. 1952– წლიდან დღემდე მსოფლიოში მსგავსი 59 ოპერაციაა ჩატარებული.
ჯეიმს გუდრიჩი 30 წლის განმავლობაში იყო წამყვანი ნეიროქირურგი ბრონქსის ჰოსპიტალში. იგი მონტეფიორეს სამედიცინო ცენტრის პედიატრიული ნეიროქირურგიის განყოფილების დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ამასთან, გუდრიჩი ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯის კლინიკური ნევროლოგიური ქირურგიის, პედიატრიის, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის პროფესორი იყო.


