ევროპარლამენტარები მოსკოვსა და პეკინს კორონავირუსის შესახებ სადეზინფორმაციო კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებენ
30/03/2020 16:47:28 მსოფლიო
ევროკავშირის რამდენიმე კანონმდებელმა კავშირის ხელმძღვანელობას რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან COVID-19-ის პანდემიის ფონზე გაშლილი სადეზინფორმაციო კამპანიის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა. შესაბამის წერილს, “რადიო თავისუფლების” ცნობით, 40-მდე ევროპარლამენტარი აწერს ხელს.
“პეკინი და მოსკოვი ევროკავშირის რეპუტაციის განადგურებას, დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტებისადმი კავშირის ქვეყნების მოსახლეობის ნდობის შერყევას ცდილობენ” – ნათქვამია მიმართვაში.
პირველად ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი და ჩინეთი შესაძლოა, ამ მიმართულებით გარკვეულ აქტივობებს ახორციელებდნენ, მარტის შუა რიცხვებში გაჟღერდა. მაშინ საგარეო კავშირების ევროპულმა სამსახურმა განაცხადა, რომ მოსკოვი პანიკის თესვასა და ევროპული სამედიცინო სისტემისადმი მოსახლეობის უნდობლობის გამოწვევას ცდილობს.
სპეციალისტები იანვრიდან დღემდე დეზინფორმაციის გავრცელების სულ მხირე, 80 შემთხვევაზე მიუთითებენ.
მოსკოვი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.


