Accentnews.ge
ტუბერკულოზის ვაქცინა შესაძლოა, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენონ

ტუბერკულოზის ვაქცინა შესაძლოა, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენონ

30/03/2020 10:05:45 მსოფლიო

ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაიწყეს ცდის ჩატარება, იმუშავებს თუ არა ტუბერკულოზის ვაქცინა BCG ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

როგორც Bloomberg იუწყება, ექსპერიმენტში მელბურნის ჰოსპიტალის 4000 მოხალისე მედიკოსი მონაწილეობას დღეიდან მიიღებს. კვლევა 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

BCG ტუბერკულოზის წინააღმდეგ დაახლოებით 100 წელია გამოიყენება. ვაქცინა ორგანიზმს იმუნური სისტემის გაძლიერებაში ეხმარება, რის გამოც არაერთი ვირუსისა თუ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ეფექტურია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ BCG სხეულის იმუნურ სისტემას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხითაც გააძლიერებს.

„BCG–ს შეუძლია, გააძლიეროს იმუნური სისტემა ისე, რომ სხეული უკეთესად დაიცვას მთელი რიგი სხვადასხვა ინფექციებისგან“, – განაცხადა მელბურნის ინფექციური დაავადებების კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერმა ნიგელ კურტისმა.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპაში, აშშ–სა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 34 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 724 000–ს გადააჭარბა, 153 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 98 შემთხვევაა დადასტურებული. 98 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S